ამერიკელმა მომღერალმა, ბილი აილიშმა, რადიოგადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ აგვისტოში კორონავირუსით დაინფიცირდა და დარწმუნებულია, "მოკვდებოდა, აცრილი რომ არ ყოფილიყო".

"ვაქცინა წარმოუდგენლად მაგარია", — ამბობს აილიში, — "მან ფინიასი [მომღერლის ძმა და პროდიუსერი], ჩემი მშობლები და მეგობრებიც დაიცვა დაინფიცირებისგან".

მომღერლის თქმით, ვირუსით დაინფიცირების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გვერდითი მოვლენებიც ჰქონდა.

"მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩემი გამოკეთება ვაქცინის დამსახურებაა", — დასძენს იგი, — "ვფიქრობ, აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, მოვკვდებოდი, იმდენად ცუდად ვიყავი. როცა ამას ვამბობ, იმას ვგულისხმობ, რომ ცუდი შეგრძნება იყო, თუმცა, კორონავირუსის სიმწვავის ფონზე, სულაც არ ვყოფილვარ ცუდად. მაგრამ, ხომ იცი, ავად რომ ხარ, თავს მაინც საშინლად გრძნობ".

ფოტო: John Locher / Associated Press

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკოსი ცოტა ხნის წინ გრემის 2022 წლის დაჯილდოებაზე 7 ნომინაციაში წარადგინეს. აილიშის მეორე სტუდიურმა ალბომმა, Happier Than Ever, რომელიც წელს გამოვიდა, კრიტიკოსებისა და მსმენელების დიდი მოწონება დაიმსახურა.