შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული 9 ადამიანი, რომლებიც ტაქსის მძღოლებს ფულს სძალავდნენ. უწყების ცნობით ისინი საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის დავალებით მოქმედებდნენ.

"ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებულ კერძო ტაქსის მძღოლებს, ე.წ. ქურდულ საერთოში მათ მიერ გამომუშავებული მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი შეეტანათ, რის სანაცვლოდაც აეროპორტის ტერიტორიაზე მუშაობის უფლებას აძლევდნენ. აღნიშნულზე სისტემატურ კონტროლს ახორციელებდნენ მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ქურდული სამყაროს მხარდამჭერების მეშვეობით.

იმ კერძო ტაქსის მძღოლებს, რომლებიც არ ერთვებოდნენ ბრალდებულების მიერ შემუშავებულ დანაშაულებრივ სქემაში და უარს აცხადებდნენ თანხის გადახდაზე, დაშინებისა და მუქარის გზით უკრძალავდნენ აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობას. ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი საქმიანობა კი ტაქსით მომსახურების საფასურის ხელოვნურ ზრდას იწვევდა", — აცხადებენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი ამ საქმიანობით 2021 წლის მაისიდან არის დაკავებული. პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომლითაც დაკავებულები ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

გამოძიება სსსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალიწინებს.