ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 10,7%-ით გაზრდილი ვალით ხვდება. მინისტრი ამის მიზეზად პანდემიის პერიოდში ბიუჯეტში შემოსავლების შემცირებას ასახელებს.

"ქვეყანამ შემოსავლები დაკარგა ტურიზმიდა და შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ჯამურად გაგვიუარესდა 10,3%-ით. პანდემიის გავლენის გასანეიტრალებლად, გატარებული პოლიტიკის დასაფინანსებლად ჩვენ მოგვიწია ფისკალური დეფიციტის გაზრდა. გაზრდილი დეფიციტის დასაფინანსებლად გამოყენებულია საგარეო წყაროები, სესხები, რის შედეგადაც 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, ჩვენ 10,7%-ით გაზრდილი ვალით ვხვდებით, რის კომპენსირებაც მომდევნო წლებში აუცილებლად მოგვიწევს", — განაცხადა მინისტრმა.

ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ პანდემიის შედეგად 2020-2021 წლებში საქართველომ ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 7% დაკარგა. ხუციშვილის თქმით, პანდემია რომ არ ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკა დღევანდელ დღეს 7%-ით უფრო მეტი იქნებოდა.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების, ანუ დაბალპროცენტიანი სესხის მეორე ტრანშზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველომ საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობის საქართველოს სახელმწიფო საგარო ვალის მოცულობა 24,2 მილიარდი ლარია.