ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური აღდგენის არსებული პარამეტრები იმის შედეგია, რომ ეკონომიკის სისტემურ სექტორებში კრიზისის გადადინების არიდება შეძლეს. მისი თქმით, ეკონომიკა აღდგენის შესაძლებლობებს მზად შეხვდა.

"წელს ჩვენი ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2,6%-ით მაღლა იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით. ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ზრდის ინკლუზიურობა. ჩვენ გადასახადის გადამხდელთა დეკლარაციების საფუძველზე ყოველდღიურად ვაკვირდებით დასაქმების მაჩვენებელს წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4,1%-ით მაღალია 2019 წლის დონესთან შედარებით.

ეკონომიკური აღდგენის ეს პარამეტრები სწორედ იმის შედეგია, რომ შევძელით თავიდან აგვერიდებინა კრიზისის გადადინება ეკონომიკის სისტემურ სექტორებში და ეკონომიკა მზად შეხვდა აღდგენის შესაძლებლობებს", — განაცხადა მან პარლამენტში.

პარლამენტი დღეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს.