2005 წელს ფსიქოლოგი აგნეშკა გოლეკ დე ზავალა ექსტრემისტულ დაჯგუფებებს იკვლევდა, რათა გაერკვია, რა უბიძგებს ადამიანებს ტერორიზმისაკენ. მან იმის მსგავსი რამ შეამჩნია, რასაც მეოცე საუკუნეში მოღვაწე თეოდორ ადორნო და ერიხ ფრომი "კოლექტიურ ნარცისიზმს" უწოდებდნენ. გოლეკ დე ზავალამ ის განმარტა როგორც "რწმენა, რომ ერთი ჯგუფის გაზვიადებულ აღმატებულებას სხვები საკმარისად ვერ აცნობიერებენ", რის დროსაც აღიარების მიღების სურვილი არასდროს კმაყოფილდება. თავდაპირველად მან იფიქრა, რომ ეს იშვიათი, თუმცა კი მნიშვნელოვანი ფენომენი იყო. მან კოლექტიური ნარცისიზმისთვის ნიშნეული რწმენების სიმწვავის გასაზომად სპეციალური სკალა შექმნა. ამ რწმენებში შედის ისეთი განცხადებები, როგორიცაა: ჩემი ჯგუფი განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს და მოვითხოვ, ჩემმა ჯგუფმა ის პატივისცემა მიიღოს, რომელსაც იმსახურებს. რესპონდენტები კი აფასებენ, რა ხარისხით ეთანხმებიან ამ ფრაზებს.

ამ კვლევის ჩატარებიდან 16 წლის თავზე გოლეკ დე ზავალა პოლონეთში სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორია და ლექციებს კითხულობს გოლდსმიტის ლონდონის უნივერსიტეტში, სადაც, ამასთან, კოლექტიური ნარცისიზმის შემსწავლელ გუნდსაც ხელმძღვანელობს. ის მიხვდა, რომ ეს ფენომენი იშვიათი სულაც არაა. ასეთი მენტალიტეტი ნებისმიერ გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს: რელიგიურს, პოლიტიკურს, გენდერულს, ეროვნულს ან ეთნიკურს — ისევე, როგორც სპორტულ გუნდს, კლუბს ან კულტს. გოლეკ დე ზავალას თქმით, ის შეაშინა კიდეც იმის გააზრებამ, თუ როგორ მასშტაბურად ვლინდება ჯგუფური ნარცისიზმი დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

კოლექტიური ნარცისიზმი უბრალო ტრაიბალიზმი არ არის. ადამიანები ბუნებრივად არიან ტომობრივი წყობისკენ მიდრეკილნი, მაგრამ ეს თავისთავად ცუდი არაა. ჩვენს კეთილდღეობაზე ჯანსაღ სოციალურ იდენტობას დიდი პოზიტიური გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ამის საპირისპიროდ, კოლექტიური ნარცისები ჯგუფის შიგნით მიმართული ერთგულების მაგივრად, ჯგუფის გარეთ მყოფებისადმი ორიენტირებულ დისკრიმინაციაზე არიან ფოკუსირებულები. კოლექტიური ნარცისიზმის ყველაზე ექსტრემალური გამოვლინება პოლიტიკური რადიკალიზმი და ძალადობაა. თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ის ჯგუფებს ერთმანეთის მოსმენაში ხელს უშლის და შედეგად, "ერთი მხარე" "მეორე მხარეს" მყოფ ადამიანებს ერთგანზომილებიან პერსონაჟებად აღიქვამს. ამის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ადამიანებისთვის იმის სწავლებაა, როგორ იამაყონ თავიანთი ჯგუფით აღიარების იდეის აკვიატების გარეშე.

ფოტო: Alamy

ჯგუფები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან, თუ რატომ არის მათი გაერთიანება ყველაზე აღმატებული — მათ შეიძლება სჯეროდეთ, რომ ყველაზე მორალურები, ყველაზე კულტურულები, ყველაზე ნიჭიერები ან დემოკრატიული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველები არიან. ისინი შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი განსაკუთრებულობა ღმერთის ნებაა ან მათ ეს წარსულში განვლილი ტანჯვის გამო დაიმსახურეს. მიზეზის მიუხედავად, კოლექტიურ ნარცისებს სხვა ჯგუფების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ და ჰიპერმგრძნობიარენი არიან იმ საფრთხისადმი, რომელიც მათ ჯგუფს შეიძლება ემუქრებოდეს. შედეგად, კოლექტიური ნარცისიზმი ხშირად ბადებს დისკრიმინაციულ ხედვებს. მაგალითად, პოლონეთში ჩატარებული კვლევის ის მონაწილეები, რომლებსაც კოლექტიური ნარცისიზმის მაღალი დონე ჰქონდათ, სხვებზე უფრო ხშირად ავლენდნენ ანტისემიტურ განწყობებს. სხვა კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკელების მონაწილეობით ჩატარდა, კოლექტიური ნარცისიზმის სკალაზე ყველაზე მაღალი ქულების დამგროვებლები არაბ იმიგრანტთა მიმართ ნეგატიური განწყობით გამოირჩეოდნენ.

კოლექტიური ნარცისები სხვა ჯგუფების მხრიდან პოტენციურ საფრთხეს ხშირად აგრესიულად უმკლავდებიან. პორტუგალიაში კოლექტიური ნარცისები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ევროკავშირში გერმანიას უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ვიდრე მათ ქვეყანას, "გერმანიის ეკონომიკურმა კრიზისმა გაახარა" და მათ გერმანელების მიმართ "მტრულ ქმედებებს" მხარი დაუჭირეს. ამავე დროს კოლექტიური ნარცისები ჯგუფში პოზიტიურად აღქმულ პირს განადიდებენ და თვალს ხუჭავენ მათ ამორალურ ქცევებზე. პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური ნარცისები ჯგუფის წევრის ისეთ საქციელს, როგორიცაა სიტყვიერი დაპირისპირება ბარში, მორალურად შერაცხავენ იმ შემთხვევაში, თუ ამ ქცევით ინდივიდი ჯგუფის ინტერესებს იცავდა.

მაგრამ, რეალურად, ჯგუფის წევრებისათვის ამ მენტალიტეტს დადებითი შედეგი ნაკლებად მოაქვს: კოლექტიური ნარცისები ჰიპერმგრძნობიარენი არიან "ჯგუფის შიგნით მტრების" ანუ იმ წევრების მიმართაც, რომლებიც, მათი აზრით, მათ კოლექტივს უარყოფითად წარმოაჩენენ. ამასთან, ირონიულია, მაგრამ კვლევები აჩვენებს, რომ კოლექტიური ნარცისები სხვებზე ხშირად ტოვებენ თავიანთ ჯგუფებს გამორჩენის მიზნით და სხვა წევრებსაც საკუთარი მიზნებისთვის მიმავალ გზაზე ერთგვარ ინსტრუმენტებად იყენებენ.

ფოტო: Alamy

როცა ნარცისიზმზე ვფიქრობთ, უმეტესად წარმოვიდგენთ საკუთარი თავის გრანდიოზულად წარმომჩენ, ამპარტავან ადამიანს. მაგრამ ფსიქოლოგებმა ნარცისიზმის ისეთი უფრო "დაუცველი ფორმის" იდენტიფიცირება შეძლეს, რომელიც მოიცავს სუსტ თვითშეფასებას, მერყევ შეხედულებას საკუთარ თავზე და, ამასთან, გაჯერებულია სირცხვილით, უნდობლობით, ტიპური ანტაგონიზმით და უფლებამოსილების ქონის შეგრძნებით. ზოგ ქვეყანაში კოლექტიური ნარცისიზმი ასოცირებულია გრანდიოზულ ნარცისიზმთან. მაგრამ, ის ადამიანები, რომლებიც "დაუცველი ნარცისიზმით" ხასიათდებიან, როგორც წესი, უფრო ხშირად იზიარებენ კოლექტიური ნარცისიზმისთვის ნიშნეულ მენტალიტეტს. კოლექტიურ ნარცისებს აღიარების სურვილი, შესაძლოა, იმიტომ აქვთ აკვიატებული, რომ თავად საკუთარ ღირებულებაზე დაბალი წარმოდგენისანი არიან და ამიტომ გამორჩეულად სჭირდებათ, რომ სხვების მიერ დაფასებულები იყვნენ. მათ, ასევე, "ემოციური გამძლეობა" შეიძლება აკლდეთ: კოლექტიური ნარცისიზმი ნეგატიური გარემო ფაქტორებისა და ემოციებისადმი ისეთ მგრძნობელობასთან ასოცირდება, როგორსაც პროსოციალური — განსაკუთრებით, ჯგუფის გარეთ არსებული სოციუმისათვის სასიკეთო — ინსტინქტების გადაფარვა შეუძლია.

თუმცა კოლექტიური ნარცისიზმი ამ უარყოფით გრძნობებთან გასამკლავებელი კარგი სტრატეგია არ არის. კვლევების მიხედვით, ის საკუთარ თავზე შეხედულებას არ აუმჯობესებს. სინამდვილეში, კოლექტიურ-ნარცისისტული რწმენა ინდივიდის დაუცველ ნარცისიზმს ზრდის კიდეც: ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ მათი ჯგუფის განსაკუთრებულობას სხვები სათანადოდ ვერ აღიქვამენ, საკუთარი, პირადი სიქველეც დაუფასებელი რჩება. ექსპერიმენტი გვაჩვენებს, რომ კოლექტიური ნარცისიზმის სიტუაციური ზრდის შედეგად დაუცველი ნარცისიზმიც იმატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება კოლექტიური ნარცისიზმის გავლენის ქვეშ მოექცეს — განსაკუთრებით ახლა, როცა ნარცისული შეხედულებები ჩვენს ჯგუფებში სულ უფრო გავრცელებული და ნორმალიზებული ხდება.

ზემოხსენებული ყველაზე მეტად პოლიტიკურ არენაზეა შესამჩნევი. ფრომმა, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ გაზრდილ კოლექტიურ ნარცისიზმზე დაწერა, თქვა, რომ ის "დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის ფენომენია... ინდივიდი ცალკე არაფერია, მაგრამ თუ მას საკუთარი თავის ერთან იდენტიფიცირება ან თუ საკუთარი ნარცისიზმის ერისთვის გადაცემა შეუძლია, მაშინ ის ყველაფერია". რომ დავაზუსტოთ, პატრიოტიზმსა და ჯგუფურ ნარცისიზმს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯანსაღი სიამაყის გრძნობა გქონდეს შენი ნაციის, პოლიტიკური პარტიის ან საკუთარი კულტურის უნიკალური ასპექტების მიმართ — იმ დაუოკებელი სურვილის გარეშე, რომელიც გთხოვს, რომ გაანადგურო სხვა ჯგუფები და იმის საჭიროების გარეშე, რომ ყველა სხვა ჯგუფმა საუკეთესოდ აღგიქვას.

ფოტო: Alamy

კოლექტიური ნარცისები პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერ მხარეს მოიძებნებიან, მაგრამ ის, როგორც ჩანს, განსაკუთრებით პოპულისტებს იზიდავს. ნაციონალური ჯგუფური ნარცისიზმი მსოფლიოს მასშტაბით პოპულისტური პარტიებისა და პოლიტიკოსების მხარდამჭერებში მეტად შეიმჩნევა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კოლექტიური ნარცისიზმი (პარტიზანობის შემდეგ) მეორე ყველაზე საიმედო წინასწარმეტყველი იყო იმისა, რომ მოქალაქე აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპს მისცემდა ხმას. ის ასოცირებული იყო ტრამპის იმ მხარდაჭერებთანაც, რომლებიც კაპიტოლიუმს თავს დაესხნენ და ასევე მათთანაც, ვინც ტრამპის ძალაუფლებაში არადემოკრატიული გზებით დარჩენას ემხრობოდნენ. ჯგუფური ნარცისიზმი ასევე ახასიათებდათ ბრექსიტის მომხრეებს გაერთიანებულ სამეფოში, გარემოს დამცველთა მოწინააღმდეგეებს პოლონეთში და ევროკავშირის მიმართ ნეგატიურად განწყობილებს უნგრეთში.

თუმცა პატარა ჯგუფებშიც კი კოლექტიური ნარცისიზმი მწვავე პრობლემაა. კვლევა აჩვენებს, რომ სპორტის გულშემატკივრები, რომლებიც კოლექტიური ნარცისიზმის მაღალი დონით გამოირჩეოდნენ, თავს შეურაცხყოფილად გრძნობდნენ მათ საყვარელ გუნდზე დაწერილი კრიტიკული შეფასების გამო. ამასთან, ასეთი ადამიანები ყველაზე ხშირად ამბობდნენ, რომ შეფასების ავტორისათვის "ჭკუის სასწავლებლად" ზიანის მიყენება მოუნდებოდათ. სხვა კვლევის მიხედვით, კოლექტიური ნარცისიზმის მქონე სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტზე გაკეთებულ ნეგატიურ კომენტარს სხვებზე ხშირად პასუხობდნენ აგრესიით — კერძოდ, შემფასებლის როლის მიღებისას ასეთ ადამიანს ჰიპოთეტურ კვლევით გრანტს არ აძლევდნენ.

როგორ შეგვიძლია, ჯგუფური ნარცისიზმის გავრცელება შევაჩეროთ და ხელი ჯგუფებს შორის ჰარმონიას შევუწყოთ? გაგახარებთ, და გეტყვით, რომ როგორც ჯანსაღი პერსონალური თვითშეფასების ქონაა შესაძლებელი, ისე — ჯგუფურისაც. ასეთ დროს ჯგუფის წევრობა კარგი გრძნობაა და ამაყობ მისი ნამდვილი მიღწევებით, მაგრამ ნაკლებად გაინტერესებს, სხვები ჯგუფს საუკეთესოდ აღიქვამენ თუ არა. ჯგუფის მიმართ ამგვარი პოზიტიური განწყობა საკუთარი კეთილდღეობის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია: კოლექტიური ნარცისიზმისგან განსხვავებით, ის ასოცირებულია ცხოვრებით სიამოვნებასთან, დადებით ემოციებთან, ადამიანებთან კავშირის ქონასთან და, საბოლოო ჯამში, ცხოვრებისადმი მადლიერების გრძნობასთან.

ფოტო: Ellen Mercer

თუმცა, იმასაც უნდა გაესვას ხაზი, რომ თავისი ჯგუფის მიმართ ადამიანის გრძნობები ყოველთვის არაა ინდივიდზე დამოკიდებული. გოლეკ დე ზავალას მიხედვით, კოლექტიური ნარცისიზმი ისეთ გარემოში უფრო გვხვდება, სადაც ინდივიდს ნაკლები ღირებულება ენიჭება — რაც ეკონომიკური სიდუხჭირით ან სოციალური უთანასწორობით შეიძლება იყოს გამოწვეული — და სადაც ისეთი ლიდერია სათავეში, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ჯგუფს უსამართლოდ ეპყრობიან. მაგრამ რადგან ნარცისის ხასიათის ზოგიერთი თავისებურებები იმის წინაპირობაა, რომ ინდივიდი ჯგუფურ-ნარცისისტულმა იდეებმაც მიიზიდოს, მაინც ღირებულია ხასიათის ცვლილებაზე ფოკუსირება — რაც ადვილი არაა, თუმცა შესაძლებელია. ადამიანებს შეუძლიათ, გამოიმუშაონ "თვითტრანსცენდენტული ემოციები" — ესაა ისეთი პროსოციალური ემოციების ტიპი, როგორიცაა მადლიერება, მოწიწება და თანაგრძნობა, რომელიც ადამიანებს აკავშირებს რაღაც უფრო დიდთან, ვიდრე მათი საკუთარი თავია.

გოლეკ დე ზავალამ და მისმა კოლეგებმა კვლევისას აღმოაჩინეს, რომ მადლიერების წვრთნის ექვსკვირიან პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ნეგატიური ემოციების რეგულირებისა და მადლიერების გრძნობის გამომუშავებას, კოლექტიური ნარცისები უფრო ნაკლებად ამჟღავნებდნენ სექსიზმს, ჰომოფობიასა და იმიგრანტების მიმართ დისკრიმინაციას. ეგზისტენციალური მადლიერება ის რესურსია, რომელიც უარყოფითი გრძნობების რეგულირებაში და ტრავმებთან ჯანსაღად გამკლავებაში გვეხმარება. კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, მონაწილეები, რომლებმაც kama muta-ს, ანუ სხვებთან ერთიანობის შეგრძნების გამომწვევ, გულისშემძვრელ ვიდეოს უყურეს, ნაკლებად გამოხატავდნენ დისკრიმინაციას სირიელი იმიგრანტების მიმართ, ვიდრე ისინი, ვისაც სხვა ტიპის ვიდეო ანახეს.

ცნობილი არ არის, თუ რამდენ ხანს გრძელდება მსგავსი ზემოქმედების ეფექტები, მაგრამ ეს კვლევები, სულ მცირე, იმის მინიშნებებს მაინც შეიცავს, რომ კოლექტიური ნარცისიზმი გარდაუვალი არ არის. ასეთი იდეები ადრეულ ასაკშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს, თუმცა არ არის აუცილებელი, მათ განვითარება პოვონ. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ მათ სოციალურ იდენტობას არ სჭირდება აღიარება სხვებისაგან იმისათვის, რომ მას ღირებულება ჰქონდეს. სანაცვლოდ, მათ შეუძლიათ, თავი ღირსეულად საუკეთესოდ გრძნობის საჭიროების გარეშე მიიჩნიონ. ეს ყველაფერი სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება: ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანები მოტივირებულები არიან, რომ საკუთარი პირადი ძლიერი მხარეები ჯგუფის სასიკეთოდ გამოიყენონ — მათ მთელ დროს არ იკავებს სხვების დამარცხებაზე ფიქრი.

შეუძლებელია, ვაიძულოთ სხვები, რომ ჩვენი ჯგუფის და, ასევე, ჩვენი, ინდივიდების, ღირებულება დაინახონ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვაკონტროლოთ, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს, რას ვფიქრობთ ჩვენი ჯგუფისა და სამყაროს შესახებ. კოლექტიური ნარცისიზმისგან გასაქცევი ერთადერთი გზა სხვა ადამიანებთან დაკავშირებაზე გადის — მაშინაც, როცა უფრო ადვილია, გჯეროდეს, რომ განსაკუთრებული ხარ.