გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, თუ აზარტულ თამაშებზე კანონს მიიღებენ, ამით ადამიანური ტრაგედიები უფრო გაიზრდება. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

"აქ, შეიძლება, უამრავი მოტივი იყოს რატომ მიიღებს ამ კანონს პარლამენტი, მაგრამ ერთი, რაც ვერასდროს ვერ იქნება, ეს არის მოთამაშეების დაცვა — იმიტომ, რომ რომელიღაც საიტი დაიბლოკება, ვეღარ ითამაშებენ. მინდა ეს მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული, იმიტომ, რომ ვიღაცამ შეიძლება არ იცის და ილუზია აქვს, რომ ამით შეიძლება ლუდომანი, რომელიც დაკარგავს თავის ქონებას ან სიცოცხლეს — და ამ ემოციით ბევრი ადამიანია და ამ ემოციით მართლდება კანონი — სინამდვილეში, რომ ის ვერ ითამაშებს. პირიქით, სინამდვილეში, რაც მოხდება, ისინიც ითამაშებენ, ბევრად უფრო უარესი შედეგი დადგება და მსხვერპლის რაოდენობა, ადამიანური ტრაგედიების ამ კანონით გაიზრდება", — აცხადებს ის.

რაქვიაშვილის განცხადებით, ამ კანონის მიღებით ადამიანები თამაშს თავს კი არ დაანებებენ, არამედ მოძებნიან არალეგალურ გზებს, რის შედეგადაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლების გამოვლენის, ასევე, მოთამაშეების უფლებების დაცვის ნაკლები შანსი იქნება.

პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონპროექტს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს. ამას გამოეხმაურა მედიაკოალიცია და ის უარყოფითად შეაფასა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ განმარტებით ბარათში მოყვანილი არგუმენტები პრობლემური და არასაკმარისია. მათ თქმით, არსებობს რისკი, რომ საკანონმდებლო ცვლილება მაუწყებლებს ფინანსურად მნიშვნელოვნად დააზარალებს.