რას ნიშნავს სინამდვილეში მედიაცია, რა სიკეთეები მოაქვს და რითი განსხვავება დავის მოგვარების ტრადიციული ფორმებისგან — ამ და სხვა კითხვებით სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრ მედიატორებს მივმართეთ.

მედიაცია — დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდი, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას ცდილობს.

"სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი", — ასე გვიხასიათებს უპირატესობებს მედიატორი ელენე ორჯონიკიძე. ამბობს, რომ მედიაცია დავის გადაწყვეტის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, მშვიდობიან და მეგობრულ მოლაპარაკებების ფორმატს ეფუძნება, რომლის დროსაც დავის მოგვარების გარდა, მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაუმჯობესების პერსპექტივაც საკმაოდ დიდია.

"მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მედიაციის ვადები სასამართლოსთან შედარებით გაცილებით ხანმოკლეა. თუკი გარკვეულ დავებზე საქმის წარმოება შეიძლება წლობით გაგრძელდეს სასამართლო ინსტანციებში, მედიაცია შეზღუდულია 45 დღით. ეს დრო ისევ მხარეთა თანხმობითა და მხარეთა საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გახანგრძლივდეს იმავე ვადით. საერთო ჯამში, მედიაციის მაქსიმალური ვადა 3 თვეა, თუმცა შესაძლებელია პირველივე შეხვედრაში მხარეები მორიგდგენ და დასრულდეს კიდეც დავა", — ამბობს ის.

ელენე მედიაციას მხარეთა თვითგამორკვევის პროცესს უწოდებს. ამბობს, რომ სასამართლოსა და არბიტრაჟისგან განსხვავებით, მასში ჩართული მხარეები გადაწყვეტილებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად, თავადვე იღებენ და დავის საბოლოოს შედეგებსაც თავადვე განსაზღრავენ. საკუთარ გამოცდილებაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ ამ გზით ადამიანებს, როგორც საოჯახო, ასევე, ბიზნესდავების მოგვარებაში დახმარებია.

ელენე ორჯონიკიძე

ელენე ორჯონიკიძე

ფოტო: საქართველოს მედიატორთა ასოციაცია

იყო შემთხვევა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მეწილეებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ არაერთი დავა სასამართლოში, საგადასახადო ორგანოში და ა.შ. საბოლოოდ, მედიაციაში კარგად ჩაიარა თვითგამორკვევის პროცესმა — შეაფასეს მათი სამართლებრივი რისკები, რაც ელოდებოდათ თუკი სასამართლოში დაბრუნდებოდნენ. ამის ნიადაგზე მათი ურთიერთობაც გაუმჯობესდა. შედეგად, მოდავე მხარეებმა ყველა სარჩელი გაიხმეს სასამართლოდან.

ელენე ორჯონიკიძე

მედიატორი, ნათია ჩიტაშვილი მედიაციის რაობაზე საუბრისას ამ პროცესში საკუთარი თვითმყოფადობის, იდენტობის შენარჩუნებისა და სხვისი მიმღებლობის უნარის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამბობს, რომ მედიაცია თავისუფალი, პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება, რომლის უმთავრესი პრინციპი ურთიერთპატივისცემაა.

ნათია დასძენს, რომ ეს უსაფრთხო პროცესია, რომლის შემდეგაც შეუძლებელია ვინმე დაზარალდეს. როდესაც მას დავის მოგვარების ამ მეთოდით სხვა გზებთან უპირატესობაზე ვკითხეთ, მაგალითად დავის სასამართლო გზით გადაწყვეტა მოიყვანა და თქვა, რომ მედიაციის მხარეთა შორის "დამარცხებული" არავინაა.

"ეს არის ურთიერთაგების პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია კონფლიქტის ამოწურვის კუთხით. ნებისმიერ კონფლიქტს შეიძლება ჰქონდეს პერსონალური და სამართლებრივ განზომილება. შეიძლება, მხარეებმა პიროვნულ დონეზე ამოწურონ ყველანარი გაუგებრობა, უსიამოვნება, თუმცა სამართლებრივი საკითხი, შესაძლოა, გადაუწყვეტელი დარჩეს და სასამართლომდე მივიდეს. მაგრამ, პერსონალურ დონეზე კონფლიქტების განეიტრალება და გაჯანსაღება წინაპირობას უქმნის იმას, რომ სხვა სამართლებრივი საკითხები რაციონალურად, კეთილგანწყობით და ურთიერთმიმღებლობით გადაწყვიტონ", — ამბობს ნათია.

ორივე მედიატორი გვეუბნება, რომ ბოლო წლებში მედიაციის პროცესს უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. ელენე ამას საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას უკავშირებს. ნათია კი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობითა და შედეგით კმაყოფილი ყველა მოქალაქე შემდეგ "მედიაციის ელჩი" ხდება და ადამიანების ნდობა ამ პროცესის მიმართ იზრდება.

მოქალაქე კმაყოფილია იმით, რომ ამ პროცესით არა მარტო მის ხმას უსმენენ, არამედ ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც გულისხმიერება ფასდება. ურთიერთპატივისცემა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოიგონ მორიგებით, არათუ დათმონ მნიშვნელოვანი, არამედ იმაზე უკეთესი შედეგი მიიღონ, რასაც ისინი ერთმანეთთან დავით, ზიანის მიმყენებლური სტრატეგიით მიიღებენ.

ნათია ჩიტაშვილი

ნათიასაც ვთხოვეთ, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმატებული ქეისების შესახებ ესაუბრა. ამბობს, რომ მხარეებს შორის, არათუ მორიგების, არამედ, შერიგების შემთხვევებიც არაერთხელ ჰქონია.

"არათუ გადაწყვიტეს და მორიგებით მიმართეს სასამართლოს, იმდენად გაჯანსაღდა მათი ურთიერთობა, რომ უკვე რცხვენოდათ მორიგების შესახებ სასამართლოში წარდგენაც და უარი ითქვა სარჩელზე. ვფიქრობ, რომ მათ მორიგებაზე მეტად შერიგებასაც მიაღწიეს. მე ამ პროცესით განსაკუთრებით კმაყოფილი ვიყავი, იმიტომ, რომ მედიაციამ ადამიანებს ერთმანეთისკენ გზა აპოვნინა", — ამბობს ის.

მისივე თქმით, მედიაცია არამხოლოდ კონფლიქტის ამოწურვის, არამედ ურთიერთობის გაჯანსაღებისკენ მიმართული პროცესია. ისიც დროითი და ფულადი რესურსის დაზოგვის შესაძლებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოთჩამოთვლილთან ერთად, მედიაციით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ადამიანი მორალურადაც კმაყოფილია. მისი თქმით, იმდენად, რამდენადაც ამ პროცესით მიღებული გადაწყვეტილება თავისუფალ არჩევანს ეფუძნება, ეს ადამიანს სიამაყის გრძნობას ანიჭებს.

"პროცესი, რომელიც ზოგავს ხარჯებს, დროს, ცხოვრების ხარისხს, ძალიან დიდ ემოციურ, ადამიანურ თუ ფინანსურ რესურსს და საბოლოო ჯამში, უფრო ნაკლები დანახარჯებით, ნაკლები უარყოფითი შედეგებით, საზოგადოება მისთვის სასურველ, კეთილგონივრულ, რაციონალურ და ამავდროულად, ურთიერთმშვიდობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებს იღებს", — გვითხრა ნათიამ.

ნათია სახელმწიფო გადმოსახედიდან მედიაციის მნიშვნელობაზეც გვესაუბრა. ამბობს, რომ ეს პროცესი წინააღმდეგობრივ სამყაროში საზოგადოებაში მიმღებლობის კულტურას აყალიბებს და ადამიანებს საკუთარი კონფლიქტის, პრობლემისა და სირთულის თავადვე გადაწყვეტის უფლებას უტოვებს. ამის ფონზე, ის მედიატორის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას — მისი თქმით, უპირველესი, რაც ამ პროფესიით წარმომადგენელს უნდა ახასიათებდეს ადამიანის სიყვარულია.

"ყველა ადამიანში უნდა ხედავდე ჭეშმარიტებას და თუ ასეთი არაგანმსჯელი ცნობიერება აქვს მედიატორს, რომ ყველა ადამიანში ხედავს ჭეშმარიტებას და სიმართლეს, ვფიქრობ, რომ ის შეძლებს კეთილსინდისიერი და ეთიკური მედიატორი იყოს", — თქვა მან.

ბუნებრივია, მედიატორებს საქართველოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მედიაციის პროცესზე ვკითხეთ. მათი თქმით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიატორობით გამართული პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მედიაციას კონფლიქტების გადაწყვეტისას. ამასთან, ამბობენ, რომ ამ მოვლენამ მედიაციის მნიშვნელობის შესახებ ფართო მასებს ინფორმირებასაც შეუწყო ხელი.

მედიაციას იმაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკური უთანხმოების მოგვარებაა. გარდა იმისა, რომ მას დემოკრატიული პროცესების განვითარებაში დიდი როლი ენიჭება, ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გამოიყენება და ნებისმიერი ტიპის ურთიერთობისას წარმოქმნილი უთანხმოების, იქნება ეს საოჯახო, პარტნიორული, თუ ბიზნეს საკითხები, გადაწყვეტისთვისაც მიმართავენ. ნათელია ისიც, თუ რამდენად თვალსაჩინოა მისი უპირატესობა დავის მოგვარების სხვა გზებთან შედარებით.

ამ სამყაროში ყველანი ვართ უნიკალურები, შესაბამისად, ჩვენ საკუთარი პიროვნული იდენტობის და სხვისი მიმღებლობის თანაარსებობა გვჭირდება.

ნათია ჩიტაშვილი

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის აქტიური მხარდამჭერნი, 2016 წლიდან ხელს უწყობენ საქართველოში დავების ალტერნატიული მოგვარების მექანიზმების — მედიაციისა და არბიტრაჟის განვითარებას.

სტატია მომზადებულია მედიატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ს შეხედულებებს.