პარლამენტში აზარტული თამაშების შესახებ რეკლამის კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვისას მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ რეგულაციით, ოპოზიციური არხები დახურვის საფრთხის წინაშე დგებიან. გვარამიამ, ასევე, აღნიშნა, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში, მისი ტელევიზიის შემოსავლის, დაახლოებით, 20%-ს დაკარგავს. ამიტომ ოპოზიციური არხის ხელმძღვანელებმა გარდამავალი პერიოდის დაწესება მოითხოვეს, რათა არხებმა ახალ რეალობაზე გადაწყობა მოახერხონ.

"მნიშვნელოვანი პოლიტიკური კონტექსტი ამას აუცილებლად მიეცემა. ეს შეიძლება ჯანსაღი არ იყოს, ეს შეიძლება საჭირო არ იყოს, მაგრამ ამ რეგულაციით ჩვენ დომინოს პრინციპით მივალთ არხების პრაქტიკულად დახურვამდე, ან გამოშიგვნამდე იმ კონტენტისგან, რომელსაც გასართობი კონტენტი ჰქვია, იმიტომ, რომ სხვა კონტენტს ბეთი ვერ დააფინანსებს. შესაბამისად, დარჩებიან ის არხები, ვისაც ჰყავთ დამფინანსებლები და ასეთები არიან სამთავრობო არხები, ძირითადად. მაგალითად, ტელეკომპანია იმედი უმძიმეს ზარალზე წავა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი შემოსავალი ცხადია მას აქვს, მაგრამ იარსებებს მაინც, იმიტომ, რომ მისი დაფინანსება პროპორციულად გაიზრდება. იგივე მოხდება ალბათ რუსთავი 2-ის შემთხვევაშიც. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ?", — განაცხადა გვარამიამ.

აზარტული თამაშების შესახებ კანონპროექტის თანახმად, იკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი რეკლამა. მათ შორის, სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებ-გვერდებზე განთავსებული რეკლამა. სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება იქნება დასაშვები.

ამასთან, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებთ. რაც შეეხება მოსახლეობის კატეგორიას, კაზინოებში ვერ ითამაშებენ:

  • სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც დახმარებას იღებენ სახელმწიფოსგან;
  • საჯარო მოხელეები — პირები, რომლებიც მიმართავენ შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის გამოყენების მოთხოვნით და ასევე, პირები, რომლებიც მოხვდებიან ე.წ. შავ სიაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ოჯახის წევრების მოთხოვნით.

კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებზე წვდომა ჯამში ერთ მილიონამდე სრულწლოვან ადამიანს ექნება შეზღუდული.

გაიგე მეტი: