ამერიკელი რეპერი, ტრევის სკოტი, 2022 წლის კოაჩელას ფესტივალზე აღარ იმღერებს. ფესტივალის მასპინძელი ლოკაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ჯიმ კერტისმა, დაადასტურა, რომ ღონისძიებაზე შემსრულებელთა სია შეიცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრევის სკოტის ფესტივალიდან მოხსნის მოთხოვნით შექმნილ ონლაინპეტიციას 60 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიციის შემქმნელების მოთხოვნის საფუძველი ნოემბრის თვეში მომხდარი ტრაგედია იყო, როცა სკოტის Astroworld-ის ფესტივალზე ჭყლეტას ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით დამსწრე კი დაშავდა. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ სკოტმა "ადამიანის სიცოცხლის მიმართ უხეში გულგრილობა" გამოიჩინა.

გამოცემა Variety-ის ცნობით, კოაჩელას ორგანიზატორებმა რეპერის აგენტს განუცხადეს, რომ ისინი სკოტის მოხსნას აპირებდნენ ფესტივალიდან, თუმცა, შესაბამის კომპენსაციას გადაუხდიდნენ.

ფოტო: Amy Harris / Invision / AP Images

ცოტა ხნის წინ ამერიკელი მუსიკოსი მედიასთან საუბარში პირველად შეეხო მომხდარ ტრაგედიას. ერთსაათიან ინტერვიუში სკოტმა უსაფრთხოების ზომების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს "პროფესიონალების" პასუხისმგებლობაა და არა შემსრულებლების. ამასთან, მან განაცხადა, რომ მომხდარის ძირეულად გამოძიება სურს, რათა სამომავლოდ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.

წლევანდელ Astroworld-ზე მყოფმა 2 800-ზე მეტმა ადამიანმა რეპერს უჩივლა. დაზარალებულების ნაწილმა კომპენსაციაც მოითხოვა. საბოლოოდ, ორივე მხარის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე საჩივარს ერთად მოეყაროს თავი და სასამართლომ ერთ საქმედ განიხილოს.

საქმის განხილვამდე კი, სკოტის კონცერტზე დაღუპულების ოჯახების ნახევარმა მომღერლის შეთავაზებულ ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ეს შეთავაზება უფრო "მომხდარის გადაფარვის მცდელობა იყო, ვიდრე გულწრფელი სინანული".

რაც შეეხება კოაჩელას, ფესტივალი 2022 წლის აპრილში გაიმართება.