კრიპტოვალუტის მიმოცვლის პლატფორმის, Coinbase-ის დამფუძნებელმა, ბრაიან არმსტრონგმა ახალი კომპანია, სახელად NewLimit დააარსა, რომლის მიზანიც ეპიგენეტიკური რეპროგრამირების დახმარებით დაბერების შეჩერება და ამგვარად, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაა.

ამერიკელმა მილიარდერმა ინოვაციური სტარტაპი სილიკონ ველის მეწარმესთან, ბიოინჟინერიის სპეციალისტთან, ბლეიკ ბაიერსთან ერთად წამოიწყო.

"NewLimit დაბერების ხელშემწყობი ეპიგენეტიკური მიზეზების პოვნასა და ისეთი პროდუქტების შექმნას შეეცდება, რომლებიც პაციენტთა კონკრეტული პოპულაციის წარმომადგენლებში ქსოვილების აღდგენას შეძლებენ", — აცხადებენ კომპანიაში.

იმის გასაგებად, თუ როგორ იცვლება ჩვენი ორგანიზმის შემადგენელი უჯრედები ასაკის მატების პარალელურად, მკვლევრები ალგორითმულ მოდელებს გამოიყენებენ. ამის მეშვეობით, ისინი თერაპიას შეიმუშავებენ, რომელიც დაბერების პროცესის შენელებას, შეჩერებას ან შებრუნებას უზრუნველყოფს, რაც, თავის მხრივ, საკმაოდ ამბიციური გეგმაა.

მეცნიერებისთვის ეს "წმინდა გრაალია", თუმცა იქამდე მისასვლელად, თუკი ეს შესაძლებელია, დიდი დროა საჭირო. სწორედ ამიტომ, NewLimit-ის გუნდს სურს, საქმეს ახლავე შეუდგეს, რადგან, მათი თქმით, მიზნის მიღწევას რამდენიმე დეკადა დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ბრაიან არმსტრონგი სიცოცხლის გახანგრძლივების ტექნოლოგიის მხარდამჭერი პირველი მილიარდერი არაა. ამისთვის ინვესტიციები Amazon-ის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმაც გაიღო, რომელმაც კომპანია Altos Labs დააფინანსა.

სხვა შეხედულება აქვს მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანს, ილონ მასკს, რომლის აზრითაც, ჩვეულებრივზე დიდხანს სიცოცხლე და უკვდავება კარგს არაფერს მოგვიტანს.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიხოცოთ, რადგან ხშირად ადამიანები აზროვნებას არ იცვლიან, ისინი უბრალოდ იღუპებიან. თუ უსასრულოდ ვიცოცხლებთ, ერთ ადგილზე გაყინულ საზოგადოებად ვიქცევით, რომელშიც ახალი იდეები ვეღარ დაიბადება", — ამბობს ბიზნესმენი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.