Razer-მა სმარტფონებისთვის განკუთვნილი ახალი აქსესუარი წარადგინა — Razer Phone Cooler Chroma. ეს არის RGB განათების მქონე ქულერი, რომელიც iPhone-ზე ან ანდროიდზე უკნიდან მაგრდება და მძიმე დავალებების შესრულების ან თამაშის დროს სმარტფონს აგრილებს.

Cooler Chroma ორ ვერსიად გამოვა და ორივეს ფასი $59.99 იქნება. ერთი ვერსია მაგნიტურია და iPhone-ს MagSafe-ის დახმარებით უკეთდება, მეორე ვერსიას კი ანდროიდებისა და MagSafe-ის არ მქონე აიფონებისთვის უნივერსალური დამჭერი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ქულერი სმარტფონებზეა გათვლილი, Cooler Chroma-ს ელემენტი არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაობის მანძილზე ის მუდმივად USB-C პორტის მეშვეობით კვებას უნდა იღებდეს. ეს ერთი მხრივ დიდი დისკომფორტია, როცა თამაში მოგზაურობისას ან უბრალოდ სახლს გარეთ გინდათ.

რაც შეეხება უშუალოდ ქულერის შესაძლებლობებს — Razer-ის თქმით, ქულერი შვიდფრთიანი იქნება და მაქსიმალური ბრუნი 6400 RPM-ს მიაღწევს. ქულერს ალუმინის სითბოს განმბნევი (heat sink) ექნება, რათა ტელეფონიდან გამოსული სიმხურვალე მოიგერიოს.

გეიმერებს ქულერი ნამდვილად მოეწონებათ. როგორც უკვე ვთქვით, ის RGB განათებასაც მიიღებს, რომელსაც 12 სხვადასხვა რეჟიმი ექნება.

Razer Phone Cooler Chroma-ს შეძენა Razer-ის ვებსაიტიდან შეგიძლიათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.