დროას პოლიტიკური საბჭოს წევრის, ნინო დოლიძის განცხადებით, ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით დისკუსია უნდა გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან, აკადემიური, პროფესიული წრეების განხილვის საგანი გახდეს. პარტია იწვევს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ისტორიკოსებს, განათლების სფეროს ექსპერტებს, სახელმძღვანელოების ავტორებს ჩაერთონ ამ მსჯელობაში.

"მოძრაობა დროა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეს საკითხი გამოვიდეს პოლიტიკური სივრციდან და დაიწყოს ამასთან დაკავშირებით აკადემიური, პროფესიული წრეების მიერ მსჯელობა.

ამისათვის ჩვენ ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ისტორიკოსებს, განათლების სფეროს ექსპერტებს, სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს, განსაკუთრებით ამ კონკრეტული სახელმძღვანელოების ავტორებს, გამომცემლობებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ჩაერთოს ამ მსჯელობაში და ჩვენ ამისთვის ვთავაზობთ პროცესის წარმართვას, ასევე, სივრცეს, სადაც შეიძლება ეს მსჯელობა გაიმართოს", — განაცხადა დოლიძემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მსჯელობა, ასევე, უნდა გასცდეს მხოლოდ კონკრეტული სახელმძღვანელოების თემას და ზოგად საკითხებს შეეხოს სასკოლო განათლებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვგონია, რომ ეს მსჯელობა, ასევე, უნდა გასცდეს მხოლოდ კონკრეტული სახელმძღვანელოების თემას და უფრო ზოგად საკითხებს შეეხოს, რომელიც სასკოლო განათლებას მოიცავს, ეს არის სკოლების ავტონომია, გრიფირების წესი, სასკოლო სახელმძღვანელოების შედგენის სტანდარტები და ა.შ.

მოძრაობა დროამ უკვე დაიწყო კონსულტაციები სხვადასხვა ექსპერტებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათი მხარდაჭერა გვაქვს ამ პროცესში, დღეს გვინდა, რომ უფრო ფართო წრე მოვიწვიოთ იმ პროფესიონალების, ვისაც შეუძლია აკადემიურად იმსჯელოს ამ საკითხზე", — თქვა დროას პოლიტიკური საბჭოს წევრმა..

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ ისტორიის სახელმძღვანელოებში ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფია შეიტანეს. დიოგენეს ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი ცნობილ ქველმოქმედად და მეცენატადაა მოხსენიებული. გამომცემლობა ლოგოსპრესი კი, მოსწავლეებს ივანიშვილის შედარებით ვრცელ ბიოგრაფიას სთავაზობს და წერს, რომ ის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი და ქველმოქმედია, ხოლო პოლიტიკაში მოსვლამდე კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღდგენის პროექტებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს აფინანსებდა. ამასთანავე, წიგნში წერია ინფორმაცია მისი დაარსებული ბანკების შესახებაც.

გარდა ამისა, სახელმძღვანელოებში საუბარია ვარდების რევოლუციასა და რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდზე. წიგნებში 2012 წლის მოვლენები დადებითადაა შეფასებული და წერია, რომ ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად ევროპული კურსი არათუ შეიცვალა, არამედ, უფრო მეტად გაღრმავდა.

გაიგე მეტი: