აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოებაა, ამიტომ, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მუშაობა უნდა გაგრძელდეს. სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე ელჩმა დეგნანმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდა, ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას", — განაცხადა დეგნანმა.

მისივე თქმით, ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს.