დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უარყოფს, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დაპირისპირება იყო. მისი თქმით, ასეთი განხილვები სულ ხდება.

"საკოორდინაციო საბჭოზე ყოველთვის მიმდინარეობს განხილვა საკითხების, დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო განხილვა საკითხების. როდესაც საკითხი იხილება, ამ ტიპის აზრთა სხვაობა ყოველთვის არის, მაგრამ შემდეგ საბჭო მიდის კონსენსუსამდე", — განაცხადა მან.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. მანამდე მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ეკატერინე ტიკარაძეს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება იყო ბოლო საკოორდინაციო სხდომაზეც, თუმცა მოგვიანებით, ეს უარყვეს.

აღსანიშნავია, რომ ტიკარაძე მწვანე პასპორტის უვადობას არ ემხრობოდა. როგორც მან 4 დეკემბერს განაცხადა, მიუხედავად იმისა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებთა კონტროლის ცენტრი მთავარი უწყებები არიან ამ რეკომენდაციების გაცემის მხრივ, ვერ იტყვის, რომ "სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას". კოვიდგადატანილებისთვის მუდმივი პასპორტი პრემიერმინისტრის რეკომენდაცია იყო. 8 ნოემბერს ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არსებობდა მოსაზრება 6-თვიან ვადაზე, თუმცა საბოლოოდ საბჭომ უვადობაზე მიდი წინადადება გაიზიარა.