Sex and the City-ის გაგრძელება, სახელწოდებით And Just Like That, ტელეეკრანებს გასულ კვირას სამანტას როლის შემსრულებლის, კიმ კეტრელის, გარეშე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტრელს ბოლო წლებია, დაძაბული ურთიერთობა აქვთ. სამანტას ფანები ღელავდნენ, რომ პერსონაჟი ახალი სცენარის მიხედვით გარდაცვლილი იქნებოდა და მაყურებლისთვის დიდი შვება იყო იმის გაგება, რომ პერსონაჟი კერისთან (რომელსაც სარა ჯესიკა პარკერი თამაშობს) კამათის შემდეგ საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა.

ფოტო: HBO

იმის მიუხედავად, რომ კიმს შოუში ვერ ვხედავთ, სოციალურ ქსელებში მსახიობი პოპულარობას არ კარგავს და როგორც ჩანს, კომენტარებს თავადაც თვალს ადევნებს. კიმმა And Just Like That-ის შესახებ რამდენიმე პოსტი მოიწონა, რომელთა შინაარსიც იმაზე მეტყველებს, რომ მსახიობი შოუში მონაწილეობაზე უარის თქმას არ ნანობს.

კიმმა ორი პოსტი მოიწონა, რომელიც ამბობდა, რომ მსახიობის ფანებს And just like that-ის ნახვას, მისი მონაწილეობით ნებისმიერი სხვა შოუს ნახვა ურჩევნიათ.

"და სწორედ აი, ასე... მე მხოლოდ იმ შოუების ნახვის სურვილი მაქვს, რომლებშიც კიმ კეტრელი მონაწილეობს. ეს კიმის მიმართ მადლიერების ტვიტია", — ნათქვამია ერთ-ერთ პოსტში, რომელიც კიმს მოსწონს.

"და სწორედ აი, ასე... მინდა Sensitive Skin-ს ვუყურო, რომელშიც კიმ კეტრელი მონაწილეობს", — ვკითხულობთ მსახიობის მიერ მოწონებულ მეორე პოსტში.

კიმმა ასევე მოიწონა ტვიტი, რომელშიც ერთ-ერთი თაყვანისმცემელი სწორი არჩევანის გაკეთებისთვის მადლობას უხდიდა, რაც And Just Like That-ში მონაწილეობაზე უარის თქმას გულისხმობდა.

2017 წლის შემოდგომაზე Sex and the City-ის მესამე ნაწილის გადაღებები უნდა დაწყებულიყო, თუმცა შოუს გაგრძელება ვერ მოხერხდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, სერიალის გადაღებები კიმ კეტრელის გამო ჩაიშალა, რომელმაც განაცხადა, რომ შოუს მესამე ნაწილში მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა. "სამანტა ჩემი გმირი იყო, თუმცა ახლა დასვენება მინდა" - განაცხადა მსახიობმა.

ფოტო: Getty Images

კიმისა და სარა ჯესიკა პარკერის დაპირისპირება მაშინ გამძაფრდა, როცა კიმმა თქვა, რომ ის Sex and the City-ის მსახიობებთან არასდროს მეგობრობდა. ამ განცხადებას გამოეხმაურა სარა ჯესიკა პარკერი და აღნიშნა, რომ კიმის სიტყვებმა გული ატკინა.