დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) 1992 წლის 14 დეკემბერს აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში მომხდარ ლათას ტრაგედიას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს ლათას ტრაგედიაზე ოფიციალური პოზიცია დააფიქსიროს, უზრუნველყოს ამ ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად და ასევე, უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ლათას ტრაგედიის შესახებ.

29 წლის წინ ამ დღეს სოფელ ლათასთან დატრიალებული ტრაგედია აფხაზეთში ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო, რამაც ბორტზე მყოფი 87 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი.

DRI-ში აღნიშნავენ, რომ ომთან დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ ლათას ტრაგედია ომის რიგით სტატისტიკად აქცია.

"დღეს, ტრაგედიიდან 29 წლის შემდეგ, უნდა გავაცნობიეროთ ამ დღის სიმძიმე აფხაზური საზოგადოებისთვის. ომის დროს დაკარგულ ვერცერთ ქართულ და აფხაზურ სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს. თუმცა დღეს მაინც გვმართებს შეცდომების და დანაშაულის გაცნობიერება და, სადაც შესაძლებელია, გამოსწორება", — აღნიშნავენ DRI-ში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ლათას ტრაგედიის შემთხვევაში აფხაზური მხარისთვის გულწრფელად მისამძიმრება, ამ შემთხვევის სათანადოდ შესწავლა და შეფასება ნდობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

"ჩვენს აფხაზ მეგობრებს, რომლებსაც დანარჩენი საქართველოსგან ომის ტკივილი აშორებთ, გვსურს, ხმა მივაწვდინოთ და ვუთხრათ, რომ ლათაში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ ამგვარი დანაშაულების განმეორება დაუშვებელია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.