2021 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა 4,7 მილიონი ვიზიტი განახორციელეს და ჯამში 962 მილიონი ლარი დახარჯეს. ამის შესახებ საქსტატის კვლევიდან ხდება ცნობილი.

წლიურ ჭრილში ვიზიტების რაოდენობა 20%-ით არის გაზრდილი, ხოლო ვიზიტორების მიერ გაწეულმა ხარჯების მოცულობამ 46%-ით მოიმატა.

მესამე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების ხარჯები ასე გადანაწილდა:

  • საყიდლები — 291 მილიონი;
  • საკვები და სასმელი — 281 მილიონი;
  • ტრანსპორტი — 178 მილიონი;
  • განთავსება — 85 მილიონი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები — 14 მილიონი;
  • სხვა ხარჯები — 114 მილიონი;

როგორც სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 4,7 მილიონი ვიზიტიდან 2,4 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი იყო — აქ ისეთი ვიზიტები იგულისხმება, როდესაც ადამიანი მინიმუმ ერთ ღამეს მაინც ატარებს.

საქსტატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისსა (919,8 ათასი ვიზიტი) და იმერეთის რეგიონში (840,9 ათასი ვიზიტი).

კვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 45,1% დედაქალაქის მაცხოვრებელია, 12,2% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11,2% — ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე შედარებით მცირე რაოდენობები მოდის.

ვიზიტორების 38,2% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 55,4%-ს შეადგენდა.

აღსანიშნავანია, რომ ვიზიტების უმრავლესობა, 41% მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა.