დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ რთული წარმოსადგენია, როგორ მოახერხებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წამოიწყოს "საუბარი ეროვნული მასშტაბით", თუმცა ამბობს, რომ თუ ამას შეძლებს ტაშს დაუკრავს. საუბარია ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელმაც აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის" მისაღწევად დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს.

"იდეა და ინიციატივა არის არაჩვეულებრივი, რაზეც ილაპარაკა სალომე ზურაბიშვილმა [...] ეს სიძულვილი, რაც არის პოლიტიკურ სივრცეში გაჩაღებული. ეს გავარვარებული ზიზღი ერთმანეთის, ამან დაიწიოს. როგორ მოახერხებს რთული წარმოსადგენია პირადად ჩემთვის და რამდენად წარმატებით მოახერხებს, როდესაც ყველას უნდა, რომ ერთმანეთის გვძულდეს ამ ქართულ პოლიტიკაში და ამ ქვეყანაში. ამას როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, მაგრამ თუ მოახერხებს, რა ვიცი, გამოვალ და ტაშს დავუკრავ ნამდვილად, იმიტომ, რომ ვერც კი ვხვდებით, როგორ ვვნებთ ქვეყანას ამ ზიზღით", — განაცხადა ელისაშვილმა.

10 დეკემბერს, აშშ-ში, დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

მოქმედ პრეზიდენტის გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მას ასევე ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. საუბარია სამივე პრეზიდენტის შეხვედრაზე. სააკაშვილმა ზურაბიშვილი და მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესახვედრად მიიწვია.

იდეას გამოეხმაურა მარგველაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამი პრეზიდენტის შეხვედრა სწორად დანახული დინამიკაა.

გაიგე მეტი: