ადამიანის უფლებათა სახლის ინფორმაციით ე.წ. გავრილოვის ღამეს დაშავებულ მოქალაქეს, ვახტანგ ბერიკაშვილს დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ 9 დეკემბერს — 2 წლისა და 5 თვის შემდეგ მიანიჭა. ბერიკაშვილის ინტერესებს სწორედ ადამიანის უფლებათა სახლი იცავს.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი ითხოვდა, 20-21 ივნისის დაზარალებულებს დაუყოვნებლივ მინიჭებოდა დაზარალებულის სტატუსი. ორგანიზაციამ ეროვნულ დონეზე ყველა არსებული სამართლებრივი საშუალება გამოიყენა, რათა გენერალურ პროკურატურას ეწარმოებინა დროული, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიება. დაზარალებულების სამართლიან მოთხოვნებზე უარის შემდეგ ადამიანის უფლებათა ცენტრმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. შსს-ს მიერ დარბეულ დემონსტრაციაზე დაზარალებული მოქალაქე ევროპული კონვენციის მე-3, მე-10, მე-11 და მე-13 მუხლების დარღვევის დადგენას ითხოვს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, 20-21 ივლისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს ბერიკაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანებები სპეცრაზმელების მიერ ნასროლი სავარაუდოდ პლასტმასისა და კაუჩუკის შემცველი გაურკვეველი წარმოების ტყვიისაგან, რომელიც. მხრიდან ამოუღეს საავადმყოფოში.

"მისი სხეულიდან ამოღებული ტყვიის კადრი მედიაშიც არაერთხელ გავრცელდა, რითაც დასტურდებოდა დემონსტრანტებზე სასტიკად მოპყრობის ფაქტი. მიყენებული ჭრილობის გარდა, ვახტანგ ბერიკაშვილმა განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი, როდესაც ხედავდა, სამართალდამცავები როგორი დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს.

პოლიციამ რეზინის ტყვიები საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით გამოიყენა ისეთ ვითარებაში, როცა მისი უკიდურეს ღონისძიებად გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა და თანაც, რაც მთავარია — გამოიყენა იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთაგანაც კონკრეტულ/ინდივიდუალურ შემთხვევებში ძალადობის თუ სხვაგვარი ძალადობრივი ქმედებების რეალური და მყისიერი საფრთხე არ არსებობდა. ძალის გადამეტებამ დემონსტრაციის არაერთი მონაწილისა და ჟურნალისტის ჯანმრთელობის მძიმე და ზოგ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ადამიანის უფლებათა სახლი 20-21 ივლისს დაზარალებულ კიდევ სამ მოქალაქეს იცავს. მათაც დაზარალებულის სტატუსი პროკურატურამ მხოლოდ მას შემდეგ მიანიჭა, რაც სტრასბურგის სასამართლომ საჩივარი დაარეგისტრირა და ხელისუფლებასთან კომუნიკაცია დაიწყო.