მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მიასალმება მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, დიალოგის მხარდაჭერაზე. მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კი სააკაშვილი "საზოგადოების ფართო წრეებთან" შეხვედრისა და მათი აზრის მოსმენისკენ მოუწოდებს.

"მივესალმები გიორგი მარგველაშვილის მიერ დიალოგის მხარდაჭერას, მით უმეტეს, რომ სამმხრივი შეხვედრის იდეა მისგან მოდიოდა. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეუძლია შეხვდეს საზოგადოების ფართო წრეებს, მოისმინოს მათი აზრი. იმედია ყველაზე პატარა ჯგუფებსაც კი შეხვდება და როგორც თვითონ ისაუბრა "ინკლუზიურ პროცესებზე", ეს პრაქტიკულად განხორციელდება.

ამის პარალელურად, საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ინტენსიფიკაცია საპროტესტო აქტიურობის, რაც წარმოადგენს ინსტრუმენტს ჩართულობისთვის და ყველას დაფიქრებისთვის", — წერს ის Facebook გვერდზე.

11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა ინკლუზიურ პროცესზე და გიორგი მარგველაშვილის იდეის შესრულება შესთავაზა. კერძოდ, სააკაშვილი მარგველაშვილსა და ზურაბიშვილს შეხვედრას სთავაზობს. მისივე თქმით, ზურაბიშვილს ამ შეხვედრაზე შეწყალებას არ სთხოვს.

სააკაშვილის ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა, განვითარება და სრული გადატვირთვა. მისი თქმით, დრო ძალიან ცოტაა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ამიტომაც, სთხოვს საზოგადოებას, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას, საერთაშორისო თანამეგობრობას, ხელი შეუწყონ რეკონსილიაციის პროცესს და მის შემოთავაზებულ ფორმატს.

გიორგი მარგველაშვილს სამი პრეზიდენტის შეხვედრის ინიციატივა ძალიან ადეკვატური ტაქტიკად მიაჩნია. მარგველაშვილის განცხადებით, რამდენიმე მომენტიდან გამომდინარე, ასეთი პროცესი ამ ფორმატში ვერ ჩაიკეტება. მისივე თქმით, სამი პრეზიდენტის შეხვედრა, როგორც დასაწყისი, სწორად დანახული დინამიკაა.

გაიგე მეტი: