ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, არ გაჰკვირვებია რუსეთის მოთხოვნა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რადგან ეს მათი სტრატეგიული ბერკეტია განაცხადონ, რომ თუ არ მოხდება ისე, როგორც მათ სურთ, მაშინ იქნება ომი. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებენ ეს შანტაჟი მიიღონ.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ეს მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო შემთხვევაა. უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები და მზად იმისთვის, რაც შეიძლება, მოხდეს. ჩვენი გზავნილი ერთია, თუ იქნება უპრეცედენტო თავდასხმა, ამას მოჰყვება დასავლეთისგან უპრეცედენტო პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს საკითხს, მე არ გამკვირვებია რუსეთის მოთხოვნა, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ჩემთვის მათი ეს ქმედება არ იყო სიურპრიზი, რადგან რუსეთის სტრატეგიული ბერკეტია, განაცხადონ, რომ თუ არ მოხდება ისე, როგორც მათ სურთ, მაშინ იქნება ომი. ჩვენ არ ვაპირებთ, ეს შანტაჟი მივიღოთ. სტრატეგიული და უსაფრთხოების არქიტექტურა საქართველოში და უკრაინის საკითხის მიმართულებით არა ნატომ, აშშ-მ ან ევროპამ, არამედ თავად ამ ქვეყნების მოსახლეობამ უნდა აირჩიოს", — ამბობს ლანდსბერგისის. [რუსთავი 2-ის თარგმანი]

ლანდსბერგისმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტო პასუხში იგულისხმება სანქციები. მან ასევე თქვა, რომ ახლა შესაძლებელია, შევთავაზოთ გაზრდილი დახმარება იმ ქვეყნებს, ვისთვისაც რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყების მტკიცებით, NATO პირობების დარღვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს "მოსკოვის უსაფრთხოებას". მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას. საგარეოში აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე.

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მას მიუღებელი უწოდა. ზალკალიანი თქმით, NATO დაფუძნებულია პრინციპებზე და წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ორგანიზაციასა და მისი წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები. მისივე თქმით, ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.

ამავე თემაზე: