არიელ უინტერმა განაცხადა, რომ თავისი სხეულის შესახებ უხეშ კომენტარებს ხშირად ისმენდა, როცა 13 წლის ასაკში Modern Family-ში მონაწილეობდა.

მსახიობი იხსენებს, რომ 13 წლის ასაკში მისი სხეული მთლიანად შეიცვალა და მკერდის ზომაც გაეზარდა, რასაც სოციალურ ქსელებში უხეში კომენტარები და დაცინვა მოჰყვა.

"როცა 13 წლის გავხდი და წონაში კიდევ უფრო მოვიმატე, სოციალურ ქსელებში დაცინვაც გამძაფრდა. ხშირად სხვადასხვა ტანსაცმლის მორგება მიწევდა, ერთხელ კი დეკოლტე მეცვა, რის გამოც "მსუქან ძუკ*ას" მეძახდნენ და ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო", — ამბობს მსახიობი.

"ზოგი თაყვანისმცემელი ძალიან საყვარელია, მაგრამ ზოგიერთი ჩემ მიმართ ძალიან მკაცრია, რადგან ალექს დანფის პერსონაჟი უყვართ. რადგან მე პერსონაჟს არ ვგავარ, ამიტომ მაკრიტიკებენ. ამ ადამიანებს არ ესმით, რომ მე ჩემი პერსონაჟი არ ვარ. კომენტარებში ამბობდნენ, ალექს დანფი მეძავად ვაქციე და 13 წლის ბავშვი სექსუალურობის ხაზგასმას არ უნდა ვცდილობდე, თან როცა მსუქანი ვარ", — დასძინა უინტერმა.

ფოტო: ABC

მსახიობმა ანტიდეპრესანტების მიღების გამო მოიმატა წონაში, რადგან ამ პერიოდში მისთვის სკოლაში სიარულიც ისეთივე უსიამოვნო იყო, როგორც სოციალურ ქსელში კომენტარების კითხვა. ის ფიქრობდა, რომ გარეგნობაში რაღაც უნდა შეეცვალა, რათა საზოგადოებისთვის უფრო მოსაწონი გამხდარიყო.

"სხვადასხვა დიეტა ვცადე, თავს ვარიდებდი გამომწვევ ჩაცმულობას, ყოველ ჯერზე ჩემს გარეგნობაში რაღაც დეტალს ვცლიდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ხალხს კრიტიკის მიზეზი ყოველთვის ექნება", — ამბობს მსახიობი.

ფოტო: Getty Images

არიელმა აღნიშნა, რომ საზოგადოების კრიტიკით გამოწვეულ მენტალურ პრობლემებს დღემდე უმკლავდება და წლების განმავლობაში თერაპევტთანაც დადიოდა.

"მსახიობი ბავშვებისთვის რთულია ის ფაქტი, რომ ისინი მილიონობით მაყურებლის წინაშე იზრდებიან და სხეულის ფორმები ეცვლებათ. მაყურებლები ფიქრობენ, რომ კარგად გიცნობენ და უფლება აქვთ, კომენტარი გააკეთონ ყველაფერზე, თუ რა გაცვიათ, რას აკეთებთ ან როგორ გამოიყურებით", — დასძინა უინტერმა.