Sex and the City-ის თაყვანისმცემლები გაოცებულები არიან, რადგან შოუს გაგრძელება, სახელწოდებით And Just Like That..., მოულოდნელი სიუჟეტური ცვლილებით დაიწყო.

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს სერიალიდან And Just Like That.

შოუს პირველ სერიაში მისტერ ბიგი გულის შეტევის შედეგად კერის მკლავებში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შოუს თაყვანისმცემლები ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, რეჟისორი მაიკლ პატრიკ კინგი თვლის, რომ შოუს ახალი მიმართულებისთვის ასეთი სიუჟეტი აუცილებელი იყო.

მსახიობებს სურდათ, რომ შოუს ახალი ნაწილი განსხვავებული ყოფილიყო, თუმცა მისტერ ბიგის როლის შემსრულებელი კრის ნოთი მისი პერსონაჟის სიკვდილს თავიდან ეჭვის თვალით უყურებდა.

ფოტო: HBO

"როცა კრისს უფრო დეტალურად ავუხსენი, რომ მისი და კერის ისტორიისთვის მისტერ ბიგის გარდაცვალება საჭირო იყო, მსახიობმა გადაწყვეტილება მოიწონა. კერის სიუჟეტისთვის უმჯობესია, ადამიანი გიყვარდეს და დაკარგო, ვიდრე ის არასდროს გყვარებოდა. კრისმა ეს გააცნობიერა და შოუსთვის მსხვერპლი გაიღო.
მისტერ ბიგის სიკვდილი პერსონაჟის ლეგენდარულობას კიდევ უფრო გაზრდის და სიუჟეტის ახლებურად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს", — ამბობს რეჟისორი.

რაც შეეხება ბიგის სიკვდილის სცენას, სარბენი ბილიკის შერჩევით რეჟისორს სურდა, თანამედროვე საზოგადოება აესახა და ეჩვენებინა, რომ მისტერ ბიგი სიკვდილამდე საკმაოდ ენერგიული იყო. "შოუს გამოსვლამდე ბევრი ამბობდა, რომ მსახიობები ძალიან დაბერდნენ, მე კი იმის ჩვენება ვცადე, რომ პერსონაჟები სიცოცხლით სავსე და ენერგიულები არიან", — დასძინა რეჟისორმა.