აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, NATO-ს კარი, როგორც უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსთვის ღიაა. მისი თქმით, ეს ალიანსმა 2008 წელსაც დაადასტურა. ამაზე ბლინკენმა NBC News-სთან ისაუბრა.

"ალიანსი თავისი არსებობის დღიდან ცხადად ამბობდა, რომ კარი ღია იქნებოდა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც წევრობა სურს და საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ალიანსმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა 2008 წელსაც, რომ მისი კარი ღიაა უკრაინისთვის და ასევე, საქართველოსთვის — თუ ისინი წევრობისკენ სწრაფვას გააგრძელებენ და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ეს საკითხი წინ წავა", — აღნიშნა მან.

მან ასევე, ისაუბრა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამის შედეგები ვლადიმერ პუტინისთვის არასასიამოვნო იქნება. მისი თქმით, არსებობს ბევრად უკეთესი — დეესკალაციისა და დიპლომატიის გზა.

"ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ — თუ 2014 წელს დავუბრუნდებით, როცა რუსეთი უკრაინაში შევიდა — ეს არის ის, რაზეც პუტინი ამბობდა, რომ თავიდან აცილება სურდა, თუმცა რეალურად თავისი ქმედებებით პროვოცირებას უკეთებდა. სიმართლე ისაა, რომ სანამ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდოდა, დიდი საჯარო მხარდაჭერა NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე უკრაინაში არ იყო — ეს შეიცვალა. ანალოგიურად, NATO-საც მოუწია, რომ თავი უკეთესად დაეცვა და უკეთესად მომზადებული ძალები ჰყოლოდა რუსეთთან ახლოს", — ამბობს ის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა NATO-ში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყების მტკიცებით, NATO პირობების დარღვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს "მოსკოვის უსაფრთხოებას". მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის მოთხოვნას. საგარეოში აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე.

რუსეთის ამ მოთხოვნას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მას მიუღებელი უწოდა. ზალკალიანი თქმით, NATO დაფუძნებულია პრინციპებზე და წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში გაფართოებასთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ NATO-ს გადაწყვეტილება შეუქცევადია და ეს არის გასარკვევი მხოლოდ ორგანიზაციასა და მისი წევრობის მსურველ ქვეყანას შორის.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მათთვის მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს აღადგინოს სისტემა, სადაც დიდ ძალებს აქვთ გავლენის სფეროები, სადაც მათ შეუძლიათ გააკონტროლონ და გადაწყვიტონ, რას გააკეთებენ სხვა წევრები. მისივე თქმით, ყველა ერს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა.