გერმანიის სასამართლომ სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის სტატუსი მიანიჭა იმ გარემოებას, როცა კაცი საწოლიდან სახლის ოფისამდე მიდიოდა და ფეხი აუცურდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კაცმა ზურგის დაზიანება მაშინ მიიღო, როცა სახლის ოფისში სპირალის ფორმის მქონე კიბით ჩადიოდა, რაც "მგზავრობად" კვალიფიცირდა. კაცის საძინებელი მისი სახლის მეორე სართულზეა, ხოლო სამუშაო მაგიდა — პირველზე, რის გამოც ის კიბეზე ჩადიოდა.

კაცს სამსახურებრივი დაზღვევის ფარგლებში უარი უთხრეს უბედური შემთხვევის ანაზღაურებაზე, მაგრამ სასამართლო აცხადებს, რომ მისი გზა საწოლიდან სახლის ოფისამდე სამუშაო მარშრუტია, რასაც დაზღვევა ითვალისწინებს.

"თუ დაზღვეული საქმიანობა მიმდინარეობს დასაქმებულის სახლში ან სხვა ადგილას, სადაზღვევო კომპანია ვალდებულია მას ისევე აუნაზღაუროს უბედური შემთხვევა, როგორც კომპანიის შენობაში ყოფნის შემთხვევაში აუნაზღაურებდა", — ამბობს სასამართლო.

სასამართლომ დასძინა, რომ კაცი საუზმის მიღების გარეშე იწყებდა მუშაობას, ამიტომ ეს გზა სამუშაო მარშრუტი იყო, რაც ხელშეკრულების მიხედვით დაზღვეულია.

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება საინტერესო შემთხვევაა პანდემიის ფონზე, როცა მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს.