კულტურის სამინისტრო დღის განმავლობაში ბაგრატის ტაძარში არსებული ვითარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ასევე, ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. სამინისტროს ცნობით, ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს.

ამასთან, კულტურის სამინისტრო დასძენს, რომ ტაძარში დღეს არსებული პრობლემები 2009-2012 წლებში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად წარმოიშვა.

"ვეხმიანებით რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით ანსხვავებს.

მსგავსი შინაარსის განცხადებების გაკეთება ალბათ მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ, ვის მიერ მოწონებული 2009-2012 წლებში ჩატარებული "სარესტავრაციო სამუშაოების" შედეგადაც ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან იქნა ამოღებული. ამ ჯგუფს, სავარაუდოდ, ისიც შეუძლია, რომ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები რაიმე ნიშნით, მით უფრო პოლიტიკური ნიშნით განასხვავოს", — აცხადებს სამინისტრო.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 31 ივლისს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეწვია ბაგრატის ტაძარს, რომლის შედეგად ტაძარზე კვლევითი (გეოლოგიური, ჰიდროლოგიური) და საპროექტო სამუშაოები დაიგეგმა, რათა ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების მოგვარება მოხდეს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანიის მიერ კვლევითი და საპროექტო სამუშაოების ჩაბარების პროცედურა. სწორედ ამის შემდეგ შედგება ბაგრატის ტაძრის წინაშე მდგარი პრობლემების აღმოფხვრის გეგმა.

ბაგრატის ტაძარზე 2009-2012 წლებში ჩატარებული "აღდგენითი სამუშაოების" შედეგად ძეგლზე შექმნილია ინფრასტრუქტურული პრობლემები გადახურვისა და ფასადის მიმართულებით. ლიფტის უჯრედის გადახურვისა და ტაძრის კედლებში დატანებული სარკმლების ქვედა ნიშნულზე ხდება წყლის ჩაჟონვა. ტაძრის სპილენძის სახურავიდან წვიმის დროს ჩამონადენი ნივთიერება მწვანედ ღებავს და აზიანებს ფასადის კედლებს, რაც შეძენილი მასალის უხარისხობაზე შეიძლება მიუთითებდეს", — აცხადებენ სამინისტროში.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს დაიწყო, რომელიც 2012 წელს დასრულდა. ძეგლზე ჩატარებული არასწორი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო.