საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რუსეთის საგარეო უწყების მიერ 10 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, სადაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NAT0-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმებას ითხოვს.

"2008 წლის 3 აპრილს NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბუქარესტის სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ზემოაღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან, კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამომდინარეობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-10 მუხლიდან, რომლის თანახმადაც NATO-ს წევრი შეიძლება გახდეს ნებიესმიერი ევროპული ქვეყანა, რომელიც გაიზიარებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პრინციპებს და წვლილს შეიტანს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში", — ნათქვამია განცხადებაში.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ NATO-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენულ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, რომელიც დაფუძნებულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ურყევ ნებაზე. აღნიშნული მიზანი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაშიც.

"აღსანიშნავია, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება გამეორებულ იქნა 2008 წლის შემდგომ გამართულ NATO-ს ყველა სამიტზე. 2021 წელს ბრიუსელში NATO-ს სამიტზე მიღებული კომუნიკე კი ხაზს უსვამს, რომ მოკავშირეები დაუშვებლად მიიჩნევენ ქვეყნების საგარეო პრიორიტეტების განსაზღვრაში ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მიუღებელია მესამე მხარის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან აღინიშნავენ, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარ გამოწვევას დღესდღეობით სწორედ რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს, რომელიც გამოიხატება მეზობელი, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიაში, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფაში და მის მიერვე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და NATO-ს წევრი ქვეყნების არის გაკრიტიკებული.