რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ. სერგეი ლავროვის უწყებამ "რუსეთის უსაფრთხოების დაცვის" მოტივით მოთხოვნებით სავსე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დასავლეთი, ყველაზე მეტად კი აშშ და ნატოს წევრი ქვეყნები არის გაკრიტიკებული.

"ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ოფიციალურად უარყოფილი იქნას 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ "უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები", რაც ეწინააღმდეგება ეუთოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ლიდერების ვალდებულებას — "არ გააძლიერონ თავიანთი უსაფრთხოება სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე", — ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვის უწყება წერს, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთის პოზიციებზე ინტერპრეტაციები ვრცელდება, ამიტომ საჭიროდ ჩათვალეს განმარტება. მათი თქმით, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები უარესდება და კრიტიკულ ხაზს მიუახლოვდა.

რუსეთის მტკიცებით, დასავლეთი მიზეზად იყენებს უკრაინაში არსებულ სიტუაციას და იქ "რუსოფობიას აღვივებს", კიევის ქმედებებს იცავს, რაც მათი აზრით, მინსკის შეთანხმების დარღვევისა და "დონბასში ძალადობრივი სცენარის განვითარებისკენ" არის მიმართული.

"იმის ნაცვლად, რომ შეზღუდონ თავისი უკრაინული პროტეჟე, ნატოს ქვეყნები უბიძგებენ კიევს აგრესიული ნაბიჯებისკენ. სხვანაირად ვერ ინტერპრეტირდება შავ ზღვაში აშშ-სა და პარტნიორების დაუგეგმავი წვრთნები. ნატოს წევრი ქვეყნების თვითმრინავები, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები რეგულარულად ახორციელებენ პროვოკაციულ ფრენებს და სახიფათო მანევრებს რუსეთის საზღვრებთან, გრძელდება უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისება და ქვეყნის იარაღით შევსება.

აღებულია კურსი უკრაინის ნატოში შეყვანის მიზნით, რასაც თან მოყვება თავდასხმის სარაკეტო სისტემების გამოჩენა, ცენტრალურ რუსეთამდე მინიმალური ფრენის დროით და სხვა დესტაბილიზაციის იარაღით. ასეთი უპასუხისმგებლო საქციელი ქმნის მიუღებელ საფრთხეებს ჩვენი უსაფრთხოებისთვის, პროვოცირებს სერიოზულ სამხედრო რისკებს ყველა მონაწილე მხარისთვის, ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტამდე", — აცხადებს რუსეთი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ნატო პირობების დარვევით იწევს აღმოსავლეთისკენ და ყურადღებას არ აქცევს "მოსკოვის უსაფრთხოებას". მათი თქმით, დიდი ხანია უსვამენ ხაზს, რომ მოვლენების ასე განვითარებას არ დაუშვებენ.

რუსეთის საგარეო უწყება მოითხოვს, დროის კონკრტულ მონაკვეთში, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის საფუძველზე, სერიოზულ გრძელვადიან სამართლებრივ გარანტიებს, რაც გამორიცხავს ნატოს შემდგომ წინსვლას აღმოსავლეთში და რუსეთის საზღვრებთან "საფრთხისშემცველი იარაღის სისტემების განლაგებას".

გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს, იურიდიულად იმის დამოწმებას, რომ აშშ და ნატოს ქვეყნები არ განათავსებენ თავდასხმით სისტემებს რუსეთის მეზობელ, როგორც ნატოს წევრ, ასევე არაწევრ ქვეყნებში. ასევე მოითხოვს, წვრთნების ტერიტორია გადავიდეს რუსეთი-ნატოს საკონტაქტო ხაზიდან შეთანხმებულ მანძილზე, შეთახმდეს სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების მიახლოების მაქსიმალური მანძილი, პირველ რიგში, შავი და ბალტიის ზღვის რეგიონებში და აღდგეს რეგულარული დიალოგი რუსეთი-აშშ-სა და რუსეთი-ნატოს თავდაცვით უწყებებში.

"ამტკიცებენ, რომ ნატოში უკრაინის წევრობა ეხება მხოლოდ კიევს და ალიანსს და არავინ უნდა ჩაერიოს პროცესში. თუმცა, შევახსენებთ, რომ ვაშინგტონის შეთანხმების გარდა, ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ პასუხისმგებლობა ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების განუყოფლობასთან დაკავშირებით, ეუთოს მთელ ტერიტორიაზე", — ვკითხულობთ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გასულ თვეს ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას 175 000 სამხედროთი გეგმავს. ბაიდენის განცხადებით, ის არ მიიღებს რუსეთის მხრიდან უკრაინისთვის დადგენილ "წითელ ხაზებს". პუტინთან საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, ეკონომიკური და სხვა ზომებით უპასუხებენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ნებისმიერ ესკალაციას სერიოზული შედეგები მოჰყვება.