ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როგორც კი ნაციონალური მოძრაობა იტყვის, რომ დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსსა და პარტიას პოლიტიკაში ყოფნა არ უკუთვნის, მაშინვე შერიგდებიან. მისი თქმით, პოლიტიკაში შერიგებას წინაპირობები აქვს და პირველ რიგში საჭიროა "სინანული და მონანიება".

"ინიციატივა არის, რა თქმა უნდა, ზოგადად, მნიშნველოვანი და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არის აუცილებელი ქვეყნისთვის. მაგრამ, შერიგებას პოლიტიკაში აქვს წინაპირობები და ამის წინაპირობა, რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში სინანული და მონანიება. საუბარია ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულზე და ამ დანაშაულების მონანიებაზე. მე ასე წარმომიდგენია შერიგება. იგივე თუნდაც, თქვენს პოლიტიკურ პარტიასთან, ნაცმოძრაობასთან. გამოდის მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. დანაშაულთა ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. ამას როგორც კი იტყვიან, მაშინვე შევრიგდებით.", — აცხადებს ის.

კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაც ინკლუზიურ პროცესთან დაკავშირებით ამას გულისხმობდა და ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

"ალბათ ქალბატონი სალომეც ამას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მე მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, უამრავი დანაშაულის ჩამდენ ამ პოლიტიკურ ძალას მოინანიოს მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები და არა მარტო მოინანიოს, არამედ შემდეგ თქვას, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენი პოლიტიკური ძალის ადგილი პოლიტიკაში არ არის", — განაცხადა მან.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და განაცხადა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსი, წარსულზე საუბარი და იმის გააზრება რაც მოხდა.

სამიტზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ორი საყრდენის — არჩევნებისა და მედიის ნდობას. პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააგრძელოს 30 წლის წინ არჩეულ დასავლურ გზაზე სვლა.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას "გონს მოსვლას" და ეროვნულ შერიგებას სთავაზობს. მისი თქმით, "ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია". მესამე პრეზიდენტს "დიდი შერიგების" იდეა მანამდეც არაერთხელ ჰქონია.