პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე პირობა დადო, რომ დაიწყებს ინკლუზიურ პროცესს და ეროვნული მასშტაბის საუბარს, რომელშიც მთელი საზოგადოება იქნება ჩართული. ზურაბიშვილის თქმით, ამით მივაღწევთ უახლესი ისტორიის "საერთო აღქმას" და წავალთ წინ.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პირობას ვდებ, რომ წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ.

თუ ჩვენ ხელახლა არ შევქმნით ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ საჯარო დისკურსს, სანამ არ შევძლებთ წარსულზე საუბარს და იმის გააზრებას, თუ რა მოხდა, ვერ შევძლებთ ერთმანეთთან კავშირის განახლებას, იმ კავშირისა, რომელიც ჩვენი იდენტობისა და მომავალში ჩვენი თავის თავდაჯერებით წარმოჩენის საფუძველია", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს უფრო საიმედო გზაა კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, რომელსაც "ვერავინ დაუპირისპირდება ან დაემუქრება".

სამიტზე სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა საფრთხეს უქმნის დემოკრატიის ორი საყრდენის — არჩევნებისა და მედიის ნდობას. პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციამ პირდაპირი გავლენა იქონია ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროცესებზე. სწორედ ამიტომ, საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს და გააგრძელოს 30 წლის წინ არჩეულ დასავლურ გზაზე სვლა.

6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ქართული ოცნების დამარცხებამდე. ალტერნატივად სააკაშვილი მმართველ პარტიას "გონს მოსვლას" და ეროვნულ შერიგებას სთავაზობს. მისი თქმით, "ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია". მესამე პრეზიდენტს "დიდი შერიგების" იდეა მანამდეც არაერთხელ ჰქონია.