Daimler-ის მიერ გამოქვეყნებული პრესრელიზიდან ვიგებთ, რომ გერმანიამ გზა გაუხსნა Mercedes-Benz-ის ნახევრად ავტონომიურ მართვის სისტემას, რაც იმას ნიშნავს, რომ მერსედესის Drive Pilot სულ მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაშვებული იქნება. ამით გერმანული კონცერნი ილონ მასკის ტესლას აჯობებს. ეს უკანასკნელი კი "სრულად" ავტონომიური მართვის სისტემით თავს დიდი ხანია იწონებს, რეალურად კი ავტონომიურობამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, ამას დამატებით, ტესლას ავტონომიური მართვის რეჟიმის გამო უკვე არაერთი ავარია მოხდა, რომლებსაც ახლა ამერიკის საგზაო დეპარტამენტი იძიებს.

"მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ავტონომიური მართვის სისტემაზე, რომლის მოხმარებაც გზებზე უსაფრთხო იქნებოდა. ჩვენი სისტემა LiDAR სკანერებს ეფუძნება და ეს ინოვაციაა, რომელიც ჩვენ ავტომობილებსა და მომხმარებლებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ეს არის მართვის საუკეთესო გამოცდილებისა და დროის დაზოგვის იდეალური შერწყმა. მთავრობის გადაწყვეტილებით ჩვენ ვართ პირველები გერმანიაში, ვინც სერიულ წარმოებაში ავტონომიურ მართვას დანერგავს" — აცხადებს მარკუს შაფერი, Daimler AG-ისა და Mercedes-Benz AG-ის ბორდის უფროსი და ტექნოლოგიური დანაყოფის ხელმძღვანელი.

რელიზის მიხედვით ირკვევა თუ როგორ იმუშავებს მერსედესის ავტონომიური მართვის სისტემა. ის ტესლასავით ამბიციურია, თუმცა მეტად გამართული და მიზნებზე მორგებული. ახალი ტექნოლოგია მერსედესის მარკის ავტომობილების მფლობელებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ავტონომიური მართვის ფუნქციები საცობებში ან ტრასებზე, სადაც მჭიდრო მოძრაობაა და მართვის პროცესში მათთვის საჭეზე დაკვირვება აუცილებელი აღარ იქნება.

გერმანიაში ავტონომიური მართვის უფლების მიღებაზე ბევრი ავტომწარმოებელი ოცნებობს, მათ შორის Tesla-ც.

მიუხედავად ამისა, არის გარკვეული შეზღუდვებიც, Drive Pilot სისტემას გადაადგილება მხოლოდ 60კმ/სთ სიჩქარით შეუძლია. მერსედესს სისტემის მიწოდება ამჟამად მხოლოდ გერმანიის ფარგლებში შეუძლია, თუმცა ავტომწარმოებლის აზრით ისინი სისტემის ამუშავების უფლებას სხვა რეგიონებისგანაც მალე მიიღებენ. მერსედესი იმედოვნებს, რომ შეიქმნება ერთიანი სისტემა, რომელსაც ავტონომიური მართვის სისტემები მოერგება და ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნების მიერ სისტემის ათვისების პროცესს.

მომავალი წლის შუა ნაწილიდან მერსედესი Drive Pilot ფუნქციას S-Clsass-ებისა და EQS-ების მფლობელებს მიაწვდის, თუმცა ჯერ უცნობია თუ რა ეღირება განახლება. Tesla-ს "სრულად" ავტონომიურ მართვის სისტემა (FSD), რომელიც რეალურად ავტონომიური არ არის და მძღოლის ყურადღებას მაინც საჭიროებს, თვეში 99 ან 199 დოლარი ღირს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.