დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დმანისის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატის, რამიზ რამაზანოვის მიმართ სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაციას ეხმიანება და მოუწოდებს შესაბამის დაწესებულებებს, შეისწავლონ ოპოზიცონერ დეპუტატთა მიმართ სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტები, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესებზე.

"2021 წლის 9 დეკემბერს, დმანისის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით შესული მაჟორიტარი დეპუტატის რამიზ რამაზანოვის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის შესახებ ინფორმაციის ადგილზე გადასამოწმებლად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) წარმომადგენლები დმანისში არაერთ ადამიანს შეხვდნენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს ემუქრებოდნენ მათი და მათი ახლო ნათესავების სამსახურიდან გათავისუფლებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით და რიგ შემთხვევებში — ფიზიკური ანგარიშსწორებით.

განსაკუთრებით საგანგაშოა ოპოზიციონერი დეპუტატის რამიზ რამაზანოვის მიმართ წარმოებული კოორდინირებული დაშინების კამპანია. დაშინებაში ერთობლივად მონაწილეობდნენ დმანისის მერი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტები", — აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაცია განსაკუთრებით პრობლემურად დაშინებისა და პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებაში დმანისის მერის, კობა მურადაშვილის სავარაუდო როლს მიიჩნევს.

"2020-2021 წლებში კობა მურადაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის, ხოლო შემდეგ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგი წარსულში სამართალდამცავ სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და სხვადასხვა დროიდან კონკრეტულ პირთა ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ახორციელებდა.

DRI მოუწოდებს შესაბამის დაწესებულებებს შეისწავლონ დმანისსა და სხვა რეგიონებში ოპოზიციონერ დეპუტატთა მიმართ სავარაუდო პოლიტიკური დევნის ფაქტები და უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით", — ამბობენ ისინი.

რამაზანოვის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 8 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რამაზანოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაჭერით ემუქრებოდა, შემდეგ კი მათთვის გაურკვეველმა პირებმა წაიყვანეს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ქონდათ. საკრებულოს წევრმა, ლევან მოსაშვილმა განაცხადა, რომ რამაზანოვი ორი კვირის წინ სკოლის დირექტორის პოზიციიდან გაათავისუფლეს.

დღეს რამაზანოვი დმანისში საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდა და თქვა, რომ დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა გადაწყვიტა, რადგან "ასეა საჭირო".