ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის სისხლის სამართლებრივი დევნას რუსულ დაკვეთად აფასებს. სააკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძეს არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.

"მე ნამდვილად არ მიკვირს იმ ხელისუფლებისგან, რომელსაც 9 წელიწადში არცერთი რუსეთის აგენტი არ გამოუვლენია, ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენება. პირდაპირ რუსულ დაკვეთად მიმაჩნია და სრულ ლუსტრაციას ახდენს ივანიშვილის კლეპტოკრატიული მმართველობის. პატრიოტული ქართული ხელისუფლება გენერალ ლორთქიფანიძეს საქართველოში უნდა სთხოვდეს დახმარებას და ასევე, აჯილდოებდეს", — აცხადებს ის.

დღეს პროკურატურამ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა. უწყებამ ლორთქიფანიძის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათი ინფორმაციით შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დაგეგმა რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლა.