ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე სამინისტროში დარჩება და მინისტრის მოვალეობას შეასრულებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. ინფორმაცია On.ge-ს სამინისტროს პრესსამსახურმაც დაუდასტურა.

"წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, იმისთვის, რომ ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს და გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო, როგორც სამინისტროს პერსონალისთვის, ასევე იმ მიმდინარე პროექტების პერსონალისთვის და ზოგადად, მთლიანად სისტემისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას", — განაცხადა გაბუნიამ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება მიიჩნია სწორად. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე მედია რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირება კორონავირუსის მართვაზე განსხვავებულმა ხედვებმა გამოწივია. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ის პასუხისგან თავს იკავებდა. გარდა ამისა, მინისტრს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დაპირისპირების და კამათის მიზეზი მწვანე პასპორტების საკითხი, რაზეც ის ამბობდა, რომ არა დაპირისპირება, არამედ განხილვა ჰქონდათ.

ტიკარაძემ რამდენჯერმე თქვა ისიც, რომ არ ემხრობოდა მთავრობის დაწესებულ უვადო მწვანე პასპორტის იდეას და როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ვირუსის მართვის უფრო მკაცრი ზომების მომხრე იყო.