დასაწყისისთვის მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ. კარლო კაჭარავა საბჭოთა საქართველოში დაიბადა და მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობის პირველ წლებს ითვლიდა. კაჭარავა მომსწრე იყო გორბაჩოვის ლიბერალიზებული საჯაროობის პოლიტიკის, შემდეგ — ეკონომიკური კოლაფსით გამოწვეული არეულობისა და ნაციონალიზმის გაღვივების და, საბოლოოდ, ომის. მაგრამ თუ სურათს უფრო შორიდან შევხედავთ, კაჭარავას საქართველოს გარე ძალების კონტექსტში დავინახავთ; ესაა ევროპისა და აზიის პერიფერიაზე მდებარე პატარა ქვეყანა, რომელსაც საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის გამუდმებით უწევს ბრძოლა თავისზე დიდი ძალების წინააღმდეგ. ეს მართლაც კომპლექსური ტილოა.

ქვეყნის თვითგამორკვევისთვის ბრძოლამ, რომელიც ხშირად ძალადობრივი იყო, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ხელოვანშიც ძიების მსგავს პროცესებს დაუდო სათავე. მასაც, როგორც მის ქვეყანას, უჭირდა საკუთარი თავის განსაზღვრა. როგორც მისი და, ლიკა კაჭარავა იხსენებს, ის საკუთარ თავს პოეტად აღიქვამდა და ფიქრობდა, რომ წერა ბევრად უკეთ გამოსდიოდა: "მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმის დასაჯერებლად, რომ მხატვარი იყო", — ამბობს იგი.

თუმცა, ამ ყველაფრის ცოდნის გარეშეც შესაძლებელია კაჭარავას შემოქმედებაში თვითძიებისა და ცნობისმოყვარეობის დანახვა. მისი ბევრი ნახატი სხვადასხვა ენაზე შესრულებული წარწერებითაა დაფარული, რაც მნახველს აქეზებს, მისი ნამუშევრების თვალიერებისას უბრალოდ ყურებასთან ერთად იკითხოს კიდეც. იმის მიუხედავად, რომ იგი მხოლოდ 30 წლის გარდაიცვალა, მაინც მრავალფეროვანი მემკვიდრეობა დაგვიტოვა პოეზიის, ხელოვნების კრიტიკისა და კულტურული კომენტარების სახით — რომ აღარაფერი ვთქვათ უნიკალურ ნახატებზე, რომლებმაც ქართული ავანგარდიზმის ახალი ტალღის წამოწყებას შეუწყო ხელი.

ფოტო: Estate of Karlo Kacharava / Modern Art, London

კაჭარავა ღრმად აცნობიერებდა თავის მოკვდაობას. "მას ეშინოდა, რომ ცხოვრებას მალე დაასრულებდა", — ამბობს ლიკა კაჭარავა, — "როცა ერთად ვიყავით, იგი საუბრისას ყოველთვის წამოჭრიდა სიკვდილის თემას".

ლიკა კაჭარავას სახლი ელეგანტური, ერთსართულიანი შენობაა წყნარი ბაღით. აქ მხოლოდ მცირე ნაწილია გამოფენილი იმ ნამუშევრებისა, რომელსაც ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გალერეის კურატორები სათანადოდ უწოდებენ "ზღვასავით ვრცელ კოლექციას". ეს უკანასკნელი 300 ტილოს, ათასობით ნახატს და გამოქვეყნებულ თუ გამოუქვეყნებელ ნაწერებს მოიცავს.

კაჭარავას ნამუშევრები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არაერთხელ გამოფენილა, გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი ნიუ-იორკში მისადმი მიძღვნილი რეტროსპექტივაც მოეწყო. თუმცა მხატვრის შემოქმედება დასავლეთისათვის ჯერ კიდევ შედარებით უცნობია. გამოფენა, კარლო კაჭარავა: ხალხი და ადგილები, რომელსაც ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გალერეა მასპინძლობს, პირველი შემთხვევაა, როცა მისი ნახატების ხილვა ბრიტანეთსა და ზოგადად, დასავლეთ ევროპაში გახდა შესაძლებელი. კურატორები სანია კანტაროვსკი და სკოტ პორტნოი იმედოვნებენ, რომ კაჭარავას "წარმოსახვითი ვიზუალური სამყაროთი" მრავალ მნახველს დააინტერესებენ.

კაჭარავა მხოლოდ წარმოსახვიდან ხატავდა და — არასოდეს ნატურიდან. როგორც ერთხელ თავად აღნიშნა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის შინაგანი სულიერი სამყაროს დაცვა იყო. მართლაც, თუკი მის ნახატებსა და ტილოებს ერთი საერთო რამ აქვთ — ეს იმის უნარია, რომ ეკლექტიკური და ჰიპერაქტიური გონების მომაჯადოებელ სამყაროში ჩაგვახედონ.

ფოტო: Estate of Karlo Kacharava / Modern Art, London

კაჭარავას ნამუშევრებში სიყვარულის, ახალგაზრდობის, შრომისა და თვითგამორკვევის თემები ანარქიისა და კოლაფსის განცდას ერწყმის და ამ გზით ასახავს გვიანი 80-იანებისა და ადრეული 90-იანების საქართველოს არეულ და ტურბულენტურ მდგომარეობას. მის ნამუშევრებში მკვეთრი ფერები და კონტრასტები დაძაბულობას გამოკვეთენ, ურბანული და ინდუსტრიული პეიზაჟების ფონზე კი საკუთარ ფიქრებში ჩაძირული პერსონაჟები გვევლინებიან. კაჭარავას ტილოებზე ხშირად ვხედავთ ანგელოზებსაც — ისინი, ფაქტობრივად, მხატვრის შემოქმედების ცენტრალურ მოტივსაც კი წარმოადგენენ.

იმავეს თქმა შეიძლება ნახატებზე წარწერების დატანაზეც. ისინი, ვინც ხელოვანს იცნობდნენ, ამბობენ, რომ ლექსები, აფორიზმები, შემთხვევითი აზრები და მიძღვნები, რომლებსაც იგი ნამუშევრებში იყენებდა, სიმბოლური დატვირთვისაა და არა მხოლოდ მის, როგორც მხატვრისა და მწერლის იდენტობას უსვამს ხაზს, არამედ ახალი იდეებისა და თვითგამოხატვისადმი დაუცხრომელ ლტოლვასაც ააშკარავებს. "ის ყველგან კულტურის ქომაგი იყო და ხელოვნების სხვადასხვა დარგს შორის არსებულ ზღვარს შლიდა", — ამბობს ირინა პოპიაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დეკანი.

მისთვის დამახასიათებელი ეს თვისება იმ შემოქმედთა ვრცელი ჩამონათვალითაც დასტურდება, რომელსაც კაჭარავა თავის ნაწერებსა და ინტერვიუებში შთაგონების წყაროდ ასახელებდა. ქართველი ლიტერატურული მოღვაწეებიდან ასეთები ვაჟა-ფშაველა და ილია ჭავჭავაძე იყვნენ, ხოლო საზღვარგარეთიდან იგი ალბერ კამიუს, ამერიკელი პოეტის ალენ გინზბერგის, ფრანგი მწერლისა და სიურრეალისტის ანდრე ბრეტონისა და იტალიელი კინორეჟისორის ფედერიკო ფელინის შემოქმედებას გამოარჩევდა. სიახლის მიმართ კაჭარავას უზადო ინსტინქტი ჰქონდა. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მომღერალ ნიკ ქეივის სახელის გამოჩენა მის ერთ-ერთ ნამუშევარზე, რომელიც ახლა თანამედროვე ხელოვნების გალერეაშია წარმოდგენილი. ნახატი 1992 წლით თარიღდება, რა დროსაც ავსტრალიაში დაბადებული მუსიკოსის შესახებ ნაკლებად იცოდნენ, თუმცა კაჭარავამ მისი კასეტის ხელში ჩაგდება მაინც მოახერხა.

ფოტო: Estate of Karlo Kacharava / Modern Art, London

რკინის ფარდის მოხსნასთან ერთად, კაჭარავას შთაგონების წყაროთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. გერმანიაში მოგზაურობამ მას შესაძლებლობა მისცა, ქვეყნის იმ ექსპრესიონისტულ ტრადიციას გასცნობოდა, რომელიც ერნსტ კირხნერის მსგავსმა მხატვრებმა ჩამოაყალიბეს (ამ უკანასკნელის ნამუშევრების დიდი ნაწილი ნაცისტებმა მას მერე გაანადგურეს, რაც "გადაგვარებული" უწოდეს).

თუმცა ყველაზე დიდი გავლენა კაჭარავას შემოქმედებაზე უფრო ადრინდელმა, 1982 წლის სანქტ-პეტერბურგში (იმდროინდელ ლენინგრადში) მოგზაურობამ იქონია. აქ მან შვედეთში დაბადებული რუსული ლიტერატურის სპეციალისტი, ჰელენა ლუნდბერგი გაიცნო, რომელიც მხატვრის მუზა გახდა.

მართალია, კაჭარავა მცირე ხნით დაქორწინებული იყო, თუმცა მისი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული ლუნდბერგი გახლდათ. ჰელენას კაჭარავას ბევრი ნახატი ეძღვნება, მათ შორის მისი ყველაზე დიდი ნამუშევარი, გენერალი. "ჰელენა ჩემთვის ყველაფერია", — ამბობდა კაჭარავა, — "უბედურებაც და ბედნიერებაც".

კარლო კაჭარავას გენერალი, ეძღვნება ჰელენას (1988 წელი).

ფოტო: კარლო კაჭარავა / ეროვნული ბიბლიოთეკა

ანალოგიური დიქოტომია გამოიკვეთა საქართველოსადმი მის დამოკიდებულებაშიც. "ვცხოვრობ ამ ზიზღითა და სიყვარულით სავსე ქვეყანაში, რომელსაც სამწუხაროდ ჩემი სამშობლო, საქართველო ჰქვია", — წერდა ის. მართალია, მხატვარი საბჭოთა ხელისუფლების დამხობას მიესალმებოდა, თუმცა ის, ამასთან, უიმედოდ უყურებდა 1990-იანი წლების საქართველოს მომავალს. იგი აკრიტიკებდა ქართველობის განსაკუთრებულობის ხაზგამსმელი ნაციონალისტური მითების გამავრცელებლებს. სწორედ ამიტომ, მის მრავალ ნამუშევარზე დაინახავთ მარტოსულ, მასისგან განცალკევებით, ქალაქის პეიზაჟების და დანგრეული ქარხნების ფონზე მდგარ ფიგურებს.

ერთ-ერთ ბოლო ნახატში მან საკუთარი თავიც ასეთ გაუცხოებულ, სასოწარკვეთილ პერსონაჟად წარმოგვიჩინა. უბრალოდ უსათაუროდ წოდებულ ტილოზე თავად კაჭარავა სულ დაბლა მოჩანს. მას თავი გადახვეული აქვს — როგორც ცნობილია, მას ამ ნახატის შექმნამდე ცოტა ხნით ადრე მოსკოვში თავს დაესხნენ. იგი სხვა რამდენიმე მოწყენილ ფიგურასთან ერთად დგას, თითქოსდა უბედურების მოლოდინში. მკვეთრ ფერებში გამოსახული ქარიშხალი უკანა პლანზე ცას ნაფლეთებად აქცევს, ხოლო ფიგურა, რომელიც მოღუშულ ანგელოზს წააგავს, დაჭრილ მხატვარს ავისმომასწავებლად დასცქერის.

მეორე მხრივ, კაჭარავა აკრიტიკებდა იმ ქართველ მხატვრებსაც, რომლებმაც, მისი აზრით, გვერდი აუარეს ადგილობრივ სტილებსა და ტრადიციებს და უპირატესობა ხელოვნების უცხოურ და განსაკუთრებით დასავლურ ფორმებს მიანიჭეს. კაჭარავა იმედოვნებდა, რომ მისი სურათები ამ საკითხსაც გადაჭრიდა და ახალ საქართველოს სარკეში ჩაახედებდა.

ფოტო: Estate of Karlo Kacharava / Modern Art, London

"[კაჭარავა] ჩვენ მათ წინააღმდეგ მენტალიტეტის წაშლას ცდილობდა", — ამბობს პოპიაშვილი. იგი მხატვარს გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაუმეგობრდა და მას შემდეგ მისი შემოქმედების წამყვანი ექსპერტი გახდა. პოპიაშვილს ის არა მხოლოდ გამორჩეულ ხელოვანად, არამედ ადამიანადაც დაამახსოვრდა: "ის ყოველთვის წვეულებებს აწყობდა", — იხსენებს ის, — "მისი ცხოვრების ინტენსივობა სხვა დონეზე იყო".

ამ ენერგიას კაჭარავას და, ლიკაც იხსენებს. მისი თქმით, ძმისთვის სულაც არ იყო უჩვეულო დღეში ათზე მეტი ნახატის შექმნა. "დიდი ზომის ნახატებიდანაც კი ზოგს ორ-სამ დღეში ასრულებდა", — ამბობს ის.

ძნელია, არ ვიფიქროთ, რომ კაჭარავას მოუსვენარი მხატვრული იდენტობა და ნაყოფიერება სიკვდილისადმი მისმა დამოკიდებულებამ განაპირობა. თუმცა პოპიაშვილს ამ თეორიაში ეჭვი ეპარება. თავის ტვინის ანევრიზმა ახალგაზრდა მხატვარს სრულიად მოულოდნელად განუვითარდა.

მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა, კაჭარავამ საქართველოს ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა და მოახერხა, ადგილობრივი ხელოვანების ახალი თაობისთვის შთაგონების წყარო გამხდარიყო. მართალია, თითქმის 30 წლის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ზოგიერთი რამ მაინც უცვლელი რჩება — საქართველო პატარა ქვეყნისთვის ნიშნეული ეგზისტენციალური გამოწვევის წინაშე კვლავ დგას და თავისზე დიდი ძალების გავლენებს ებრძვის. კარლო კაჭარავამ ყოველივე ამას მხატვრულად უპასუხა, როცა თავის შემოქმედებაში ხაზი გაუსვა კულტურულ კავშირებს და არა — ხისტ განხეთქილებას. ეს კი ის ფილოსოფიაა, რომელიც საქართველოს მიღმაც ღირებულია.

გამოფენა, ხალხი და ადგილები: კარლო კაჭარავა, ლონდონის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში 2021 წლის 17 დეკემბრამდე გაგრძელდება.