ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2021 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ლომჯარია შეეხო კორონავირუსის პანდემიის მართვაა. მისი შეფასებით, მთავრობა რეგულაციების დაწესებას თუ გაუქმებას სათანადოდ ვერ ასაბუთებს.

"კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად რეგულაციების შემოღების თუ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილებები უმეტესწილად კონკრეტულ მეცნიერულ მტკიცებულებების და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით მიიღებოდა (ამის საუკეთესო მაგალითია მუდმივი მწვანე პასპორტის შემოღება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში პირბადის ტარების ვალდებულების გაუქმება და ა.შ.", — განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამაცველის შეფასებით, არაეფექტიანი იყო ვაქცინაციის კამპანიაც. ის ამბობს, რომ სახელმწიფოს ქმედებებმა თუ პირიქით, ზოგ შემთხვევაში უმოქმედობამ ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვას რეალური საფრთხე შეუქმნა.

"საქართველოში ძალიან დაბალია ვაქცინაციის მაჩვენებელი და დღესდღეობით მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 37%-მდეა სრულად ვაქცინირებული. ასევე ძალიან დაბალია 60 წელს გადაცილებული სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობა რაც ამ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ 37%-მდეა აცრილი.

ხანდაზმულთა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი განსაკუთრებით საგანგაშოა, რამეთუ, ეს ჯგუფი მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევა. საქართველოში ლეტალობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი სწორედ 60 წელს გადაცილებულ არავაქცინირებულ პირებშია", — ამბობს ლომჯარია.

ის აღნიშნავს, რომ ხანდაზმული მოსახლეობისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაზე რეგისტრაცია, რადგან ეს მხოლოდ ელექტრონულად იყო შესაძლებელი.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, პანდემიის მართვის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამედიცინო სექტორის გადატვირთულობა.

10 დეკემბერს, ყოველწლიურად მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1948 წელს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება.

გაიგე მეტი: