სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, ქვეყანაში გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა, პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მხდელობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისტმა და ინფლაციამ არსებითად გააუარესა მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა.

"ამდენად ღრმა და გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მცდლობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფილაციამ არსებითად გააუარესა ჩვენი მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა. აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ კონფლიქტსა და უკმაყოფილებას სახელმწიფო ვერ პასუხობს გრძელვადიანი სოციალური და სამართლებრივი რეფორმებით, რაც საბოლოოდ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ქმნის და სოციალურ უიმედობას იწვევს", — ამბობენ ისინი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა, რომელიც ვერც საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით გაფორმებულმა 19 აპრილის პოლიტიკურმა შეთანხმებამ განმუხტა და ვერც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, დღის წესრიგიდან კი საერთოდ გამოტოვებული აღმოჩნდა შემდეგი საკითხები.

  • პანდემიის შემაშფოთებელი ადამიანიური და სოციალური შედეგები;
  • ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც ინფილაციის უპრეცედენტო მასშტაბების ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული რეფორმების საკითხები.

მათივე თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია და რადიკალიზაცია განსაკუთრებით საგრძნობი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში იყო.

"წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების სამუშაო სტრატეგიები საგანგებო მდგომარეობის პერსპექტივას უფრო დაეფუძნა, რომელშიც სრულად იყო იგნორირებული რეგიონებისა და ქალაქების რეალური გამოწვევები და საჭიროებები. ანტაგონიზმმა და მტრულმა რიტორიკამ დაიკავა პოლიტიკური თუ მედია-სივრცე და ვერ მოიძებნა ვერც პოლიტიკური და ვერც საზოგადოებრივი რესურსი ამ სიტუაციის განსამუხტად.

პირიქით, არჩევნებზე დაფიქსირებულმა ხარვეზებმა და პარალელურ რეჟიმში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ვითარების რადიკალიზებას. სააკაშვილის ფაქტორმა პოლარიზების სიტუაცია გააღრმავა და ამ ფონზე მცირე პოლიტიკური პარტიების გავალენები და საარჩევნო მაჩვენებელები კიდევ უფრო შესუსტდა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზების გარემომ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში მიმდინარე რთულმა და არადემოკრატიულმა შიდა პროცესებმა არსებითად დააზიანა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი.

"პრემიერმინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნვნის შემდეგ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან ისმოდა შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ევროკავშირთან ურთიერთოების პროცესები კი აშკარად კრიზისშია შესული, რასაც არა ერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული მძიმე და საგანგაშო განცხადებაც ადასტურებს", — აღნიშნულია ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მკვეთრად პრობლემური იყო, რაც მისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვასა და გამოცხადებული შიმშილობის ფონზე ადეკვატურ სამედიცინო მოპყრობაზე უარს უკავშირდებოდა, არსებული მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებისა და კლანური სტრუქტურის გათვალისწინებით კი ცხადია, ჩნდება ეჭვები, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და სამართლიანი ვერ იქნება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს მოცემულობა არღვევს არამხოლოდ ინდივიდუალური პირის უფლებებს, არამედ შეუძლებელს ხდის წარსულის სამართლიან შეფასებას და მასზე საზოგადოებრივ შეთანხმებას, რაც პოლიტიკურ პოლარიზებისა და კონფლიქტების კიდევ ერთი მიზეზია.

"შემაშფოთებელია არჩევნების შემდგომ ცალკეულ თვითმმართველ ერთეულებში განვითარებული ტენდენციები, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით ცდილობს საკრებულოებში ახლადარჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლასა და გადმობირებას. ამ კოტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე, სადაც იკვეთება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრზე იძულების ნიშნები, ემოქმედა მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესების სასარგებლოდ. მსგავსი ტენდენცია იკვეთება დმანისშიც, სადაც ასევე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რამიზ რამაზანოვის მიმართ იკვეთება ზეწოლის ნიშნები", — აღნიშნულია ანგარიშში.

მათივე თქმით, 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა კრებსებმა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასობრივ უკანონო მოსმენებს აჩვენებს, კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები და მათი შეღწევა მიკრო სოციალური ურთიერთობებშიც, რაც სოციალური კონტროლის და უნდობლობის უმძიმეს გამოცდილებას ქმნის.

"2021 წელს კვლავ მწვავედ წამოიჭრა ულტა-მემარჯვენე ჯგუფების რადიკალიზებისა და ძალადობის პრობლემა. წლების განმავლობაში ამ ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლურმა პოლიტიკამ და დაუსჯელობამ, კიდევ უფრო გაზარდა ამ ჯგუფებისგან მომავალი საფრთხეები. ამ კუთხით განსაკუთრებით შემაშფოთებელი 2021 წლის 5-6 ივლისს, "პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლენილი მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობა ალტ-ინფოს ჯგუფის ლიდერების მხრიდან, რასაც 52 ჟურნალისტის უფლების და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, მათ შორის, რამდენიმე მათგანის მიმართ ძალადობა მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ მოვლენების გამოძიება ამ დრომდე ფრაგმენტულად მიმდინარეობს და აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს. ამ ფონზე სწორედ ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის სფეროში ექცევა ამ ჯგუფების მიერ პარტიებისა და ტელევიზიების დაფუძნება და ინსტიტუციური პოლიტიკის ველში მკვეთრად ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური ძალების შემოსვლა", — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციაში ამბობენ, ცხადია, რომ პოლიტიკური პოლარიზების, სუსტი დემოკრატიზაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პირობებში არსებითად შეუძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკური საკითხებზე მუშაობა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და შერიგების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანას დაუკავშირდება.