შესაძლოა, წავებს საყვარელ და უვნებელ არსებებად თვლიდეთ, თუმცა ამაში სინგაპურში მცხოვრები გრაჰამ ჯორჯ სპენსერი ნამდვილად არ დაგეთანხმებოდათ. 30 ნომბერს პარკში სეირნობისას კაცს განრისხებული წავების ოჯახი დაესხა თავს.

სპენსერის თქმით, პარკის შესასვლელს უახლოვდებოდა, როდესაც შეამჩნია, რომ მის წინ გზაზე 20 წავი გადადიოდა. ცხოველები მშვიდად მიდიოდნენ, თუმცა ხასიათი მაშინვე შეეცვალათ, როდესაც მათკენ უცნობი კაცი გაიქცა. მორბენალმა წავებს თავი დააღწია, თუმცა განრისხებულმა ცხოველებმა ჯავრი სპენსერზე იყარეს.

სპენსერის თქმით, ცხოველებმა ერთდროულად შეუტიეს, წააქციეს და დაკბინეს. მისი თქმით, 10 წამში 26-ჯერ უკბინეს. საბედნიეროდ, შორიახლოს სპენსერის მეგობარი იყო, რომელმაც ცხოველების შეშინება და მეგობრის გადარჩენა მოახერხა.

"მართლა მეგონა, რომ მოვკვდებოდი — ისინი ჩემს მოკვლას აპირებდნენ. 10 წამში 26-ჯერ მიკბინეს. ჩემი მეგობარი რომ არა, ალბათ, ახლა აქ არ ვიქნებოდი. მკვდარი ვიქნებოდი", — უთხრა ადგილობრივ მედიას სპენსერმა.

სპენსერს პარკის თანამშრომლებმა ჭრილობები დაუმუშავეს. ამის შემდეგ ის საავადმყოფოში წავიდა, ჭრილობები შეიმოწმა და აცრა გაიკეთა. პარკში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წავების ქმედება სინგაპურის პარკში წავების შესწავლასა და დაკვირვებაზე პასუხისმგებელი ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ბერნარდ სიამ განმარტა. მისი თქმით, წავების ეს კონკრეტული ოჯახი პარკის ხშირი სტუმარია და სპენსერს, სავარაუდოდ, თავს იმიტომ დაესხნენ, რომ შეშინებულები იყვნენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ ადრიანი დილა იყო, სავარაუდოდ, ბნელოდა და წავებიც დაბნეულები იყვნენ. შესაძლოა, სპენსერი უბრალო შემთხვევითობის მსხვერპლი აღმოჩნდა", — განმარტავს ბერნარდ სია.

მიუხედავად იმისა, რომ მდინარის წავები მშვიდ ცხოველებად ითვლებიან, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც წავები თავს ადამიანებს დაესხნენ. მაგალითად, სექტემბერში ალასკას მცხოვრებლებს აგრესიული წავების ჯგუფი დაესხა.

ამავე თემაზე: