პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ეკატერინე ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებით ამბობს, რომ როდესაც ფორმატებში იკრიბებოდნენ, არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება.

"ნახსენებიც არ იყო დაპირისპირება იმ ფორმატებში, ხშირად, როდესაც ფორმატებში ვიკრიბებოდით ჩვენ არც კი იგრძნობოდა რაიმე დაპირისპირება. სამთავრობო ცვლილებებზე თუ გინდათ საუბარი, უნდა ჰკითხოთ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა.

საქართველომ განიცადა საკმაოდ მნიშვნელოვანი, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები, იყო ბევრი კმაყოფილი, ბევრი უკმაყოფილო ადამიანი, თვითონ საზოგადოება შეაფასებს. მე ვიტყოდი, რომ ქალბატონი ეკა ტიკარაძე იყო ნამდვილად ის ადამიანი, რომელსაც არასდროს არ ეშინოდა თამამი რეფორმების გატარების", — განაცხადა კუჭავამ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა. ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება მიიჩნია სწორად. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.