საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ქართული ოცნების გენერალური მდივნის კახა კალაძის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის მიმართ გაკეთებულ ირონიულ კომენტარს ეხმაურება და ამბობს, რომ თით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას.

"საგარეო პოლიტიკის კეთება შეურაცხყოფით. ვფიქრობ, თვით კისინჯერიც კი ვერ მოიფიქრებდა ამას", — წერს კელი ტვიტერზე.

"თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა?" — ასე უპასუხა კალაძემ კითხვას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის კრიტიკული განცხადების შესახებ. კალაძეს განუმარტეს, რომ ის სახელმწიფო დეპარატმენტის მაღალჩინოსანია, რაზეც მან განაცხადა:

"თანაშემწე და იმის მოადგილე კიდე? არ ვიცოდი ეგეთი თანამდებობა თუ იყო".

ამერიკის ხმის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს "ძირი გამოუთხარა". ოლსონმა აღნიშნა, რომ სურს, შესრულდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმები.

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა უკვე რამდენჯერმე აღნიშნა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დაჩქარებულად გაგრძელებით იმედგაცრუებულია. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი კი პარლამენტში მოსამართლეების მოსმენაზე არ მივიდა. მან განმარტა, რომ მოსამართლეთა არჩევის პროცესი არ არის შესაბამისობაში შარლ მიშელის შეთანხმებასა და მაკროფინანსური დახმარების მიღების სანაცვლოდ წაყენებულ პირობებთან. პარლამენტმა კი ამ განცხადებების მიუხედავად 4 მოსამართლე უზენაეს სასამართლოს წევრებად აირჩია.

ჰარცელი ასევე საუბრობს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემაზე ფართო კონკურენციით მიღებული შედეგი არ დაიკარგოს. მისივე თქმით, ახლაც შესაძლებელია საუბარი იმაზე, თუ რა არის ოპტიმალური პროცენტული მაჩვენებელი პლურალიზმის მისაღწევად, თუმცა ოპოზიციური პარტიების შეთანხმება სულ რაღაც სამი თვის წინ შედგა.