ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ქართული ოცნების ოფისში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უფრო ზუსტად, ტიკარაძემ თავისი სამწლიანი მოღვაწეობა შეაფასა, ყველას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ კონსულტაციების შემდეგ სწორად მიიჩნია საქმიანობის პარტიის პოლიტსაბჭოში გაგრძელება. მინისტრს სიტყვა გადადგომა არ უხსენებია, არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, ამიტომ მისი გადადგომის დაზუსტება უწყების პრესამსახურში გახდა საჭირო.

სიტყვით გამოსვლა ტიკარაძემ სამედიცინო სფეროსა და სამინისტროს თანამშრომლებისადმი მადლობით დაიწყო. ის ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მიმართული იყო "მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად". იქვე თქვა, რომ მისთვის ჯანდაცვის მინისტრობა "იყო და არის" პასუხისმგებლობა.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა დავიწყო მადლობით. მადლობა მინდა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ასევე გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში, რა თქმა უნდა, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რომლებიც, ასევე დღეს ებრძვიან სიცოცხლეს, ამისთვის სამინისტროს გუნდი, ნამდვილად 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა და მადლობას ვუხდი მათ.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის მინისტრობა იყო და არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები და ჩვენი ყველა ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლების მისაღწევად", — განაცხადა ტიკარაძემ.

მან მიმოიხილა მინისტრობის დროს განხორციელებული პროექტები. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის საწინააღდმეგოდ დაგეგმილ ღონისძიებებს და აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცესების ფონზეც შეძლეს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის ჩატარება. მათ შორის, საქართველოს ისტორიაში "ყველაზე მნიშვნელოვანი" პროექტების.

"მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვეყანაში და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და სამიზნე მოქმედების იყო პანდემიასთან ბრძოლა, მიუხედავად ამისა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევები და ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩემი სამინისტროს თანამშრომლები ამისათვისაც დაუღალავად შრომობდნენ

მინდა აუცილებლად ასევე ხაზი გავუსვა ძალიან ბევრ ისეთ ღონისძიებას, რომელიც ამ პერიოდში განხორციელდა და ეს იყო სახელმწიფო ჰოლდინგის ჩამოყალიბება, სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, ეს არის საქართველოს 30 წლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჯანდაცვაში განხორციელდა და თქვენ იცით, რომ ამ კუთხით ჩვენ კოვიდპანდემიის მიმართულებით ავიღეთ ყველაზე დიდი დარტყმა და გავუმკლავდით პანდემიას. მინდა თითოეულ აქ დასაქმებულ თანამშრომელსაც მადლობა გადავუხადო", — თქვა ტიკარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მისი ყველაზე ფავორიტი პროექტი, "რომელიც ნამდვილად არის უპრეცენდენტო საქართველოს ისტორიაში" სოციალური კოდექსია. მისი თქმით, ამ პროექტით ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ჰქონდეს სიცოცხლის და ცხოვრების ისეთი ხარისხი, როგორიც ევროპაშია, ვინაიდან, როგორც თავადვე ამტკიცებს, ქართული ოცნების "ყველა განცხადება არის სოციალური და ჩვენი გზა არის ევროპისკენ".

"ასევე, არ შეიძლება გამომრჩეს, პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმა, როგორც დაფინანსების კუთხით, ასევე, ტექნოლოგიური გაუმჯობესების კუთხით და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ განხორციელებული სამუშაოთი ჩვენ შევძლებთ და რეგიონებში და სოფლად ჩვენს ყველა მოქალაქეს ადგილზე მივუტანთ ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ასევე ჩემთვის რეგულირების სამსახურში განხორციელებული ცვლილელები, ჯი-ემ-პი და ჯი-დი-პი სტანდარტი, რომელიც საბოლოოდ ასევე 25-წლიანი შრომის შემდეგ, როგორც იქნა, საქართველოში დაიწყო სექტორის სრული ჩართულობით და მობილიზებით. მადლობა მინდა გადავუხადო ფარმასექტორს იმ მზაობისთვის, რომელიც მათ ბოლო პერიოდში დააფიქსირეს და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გადის მაღალ პასუხისმგებლობაზე, ვინაიდან ამით ჩვენ თითოეულ მოქალაქეს მივაწვდით ხარისხიან მედიკამენტს, რომელიც აისახება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე. მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ასევე დევნილების სააგენტოს განხორციელებული საქმიანობა, იცით, რომ ასამდე ნგრევადი ობიექტი დავხურეთ და რა თქმა უნდა, ეს ყველა პროექტი სამინისტროს ფორმატში კვლავ გაგრძელდება", — განაცხადა მან.

ბრიფინგის დასასრულს ტიკარაძემ თქვა, რომ ესაუბრა, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს, ისე ირაკლი კობახიძესაც და "სწორ გადაწყვეტილებად" მიიჩნია პოლიტსაბჭოდან გააგრძელოს ჯანდაცვის სისტემის გამყარება. თქვა ისიც, რომ მათი განხორციელებული პროექტებით განვითარების გარკვეული ეტაპი დაიხურა და ახლა სხვა ეტაპის დროა.

"ბოლოს მინდა დავძლიო, რომ სამწლიანი საკმაოდ ინტენსიური მუშაობის შემდეგ, გავლილი კონსულტაციების შედეგად, როგორც პრემიერთან და ახლა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან, სწორ გადაწყვეტილებად მივიჩნიეთ, რომ შემდეგი ჩემი საქმიანობა გავაგრძელო პარტია ქართულ ოცნებაში, პოლიტსაბჭოში და სწორედ აქედან გავამყარო და გავაძლიერო ქართული ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები.

ვთვლით, რომ ის პროექტები, რომელიც იქნა დაწყებული და განხორციელებული, ამით გარკვეული განვითარების ეტაპი უკვე დაიხურა, ჩვენ გადავდივართ სხვა ეტაპზე და ამ ეტაპზე მე საქართველოს შევუერთდები უკვე პარტიიდან", — განაცხადა მან.

ეკატერინე ტიკარაძისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაპირისპირებაზე მედია რამდენიმე დღეა აქტიურად საუბრობს. ამბობდნენ, რომ დაპირისპირება კორონავირუსის მართვაზე განსხვავებულმა ხედვებმა გამოწივია. ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრს რამდენჯერმე ჰკითხეს, თუმცა ის პასუხს თავს ირიდებდა. გარდა ამისა, მინისტრს ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დაპირისპირების და კამათის მიზეზი მწვანე პასპორტების საკითხი, რაზეც ის ამბობდა, რომ არა დაპირისპირება, არამედ განხილვა ჰქონდათ.

ტიკარაძემ რამდენჯერმე თქვა ისიც, რომ არ ემხრობოდა მთავრობის დაწესებულ უვადო მწვანე პასპორტის იდეას და როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი, ვირუსის მართვის უფრო მკაცრი ზომების მომხრე იყო.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019 წლის 18 ივნისს გახდა. მანამდე ის საჩხერის კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ტიკარაძემდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში, ამ თანამდებობას დავით სერგეენკო იკავებდა.

სერგეენკომ განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს მინისტრის თანამდებობაზე რეკომენდაცია თავად გაუწია და საკადრო ცვლილებების ინიციატორიც თავად იყო.