ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფასებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობას. ორგანიზაციამ გაანალიზა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგში საქართველოს მონაცემები ბოლო წლების განმავლობაში.

მაგალითად, Trace International-ის რეიტინგის მიხედვით, რომელიც 17 ნოემბერს გამოქვეყნდა, 194 ქვეყანას შორის საქართველო 29-ე ადგილზეა ბიზნესის კორუფციის მაჩვენებლით. ამ რეიტინგში 0 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ რისკს აღნიშნავს, 100 კი ყველაზე მაღალს. ბოლო ხუთი წლის მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

ფოტო: IDFI

"აღნიშნული მონაცემებიდან იკვეთება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკი ეტაპობრივად იმატებს", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

Trace International კორუფციის რისკს ისმის ოთხი მიმართულებით აფასებს: კორუფციის შესაძლებლობის რისკი, კორუფციული რისკების აღკვეთა, გამჭვირვალობა და ზედამხედველობა.

ფოტო: IDF

აღნიშნული მიმართულებებიდან, საქართველოს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კორუფციის შესაძლებლობაში აქვს, ყველაზე მაღალი კი კორუფციის რისკების აღკვეთაში.

World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით საქართველო 2021 წელს 139 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზეა. World Justice Project ამ ინდექსის შედგენისას ერთ-ერთ კრიტერიუმად სწორედ კორუფციის თავისუფლების ხარისხს იყენებს. სულ შეფასდა ხელისუფლების სამი შტო, პლუს პოლიცია/ჯარი. ამ შკალაზე ქვეყნები 0-დან 1 ქულამდე ფასდება, სადაც 1 ქულა კორუფციის დაბალ რისკს ნიშნავს, 0 კი მაღალს.

ფოტო: IDFI

Transparency International-მა 2021 წლის იანვარში გამოაქვეყნა 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქართველო 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილზეა. ამ ინდექსის მიხედვით, ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე სისტემით ფასდება, საიდანაც 100 ნიშნავს კორუფციის არარსებობას, 0 კი — კორუფციის მაღალ დონეს.

ფოტო: IDF

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 2021 წელს საქართველო 178 სახელმწიფოს შორის მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის მე-7 ადგილზეა. ეს ინდექსი ქვეყნებში ოთხ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულირების ეფექტიანობა და ბაზრის ღიაობა.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით წარმატებას მიაღწია, ქვეყანაში ოფიციალურ პირებთან დაკავშირებული მაღალი დონის კორუფცია კვლავ პრობლემურია. ანალიზის ფარგლებში ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ რეიტინგის ათეულში მოხვედრისთვის ხელისუფლების კეთილსინდისიერებისა და სასამართლოს ეფექტიანობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ძალისხმევაა გასაწევი", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კორუფციის კონტროლის მიმართულებით საქართველო 2020 წლის მონაცემებით ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-18 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია და სხვა.

ფოტო: IDFI

IDFI აცხადებს, რომ ჩამოთვლილ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მაჩვენებლის გაუარესების გამო, მნიშვნელოვანია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს მოწვევა.

"ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო არ შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო ფაქტობრივად აღარ არსებობს, 2021-2022 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა. აღნიშნული პრაქტიკა ანტიკორუფციულ მაჩვენებლებთან ერთად ცხადყოფს, რომ ეფექტიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს", — ამბობენ IDFI-ში.

გარდა ამისა, IDFI ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო უწყებების დამოკიდებულებაზე კორუფციასთან მიმართებით.

"საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციები კვლავ მიუთითებენ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის პრობლემურობაზე", — აცხადებენ IDFI-ში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საჭიროა ანტიკორუფციული სისტემის რეფორმა და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა.