მას შემდეგ, რაც თბილისის მერი მედიას დაემუქრა, რომ მერიის ღონისძიებების არგაშუქების შემთხვევაში, კონკრეტულ ზომებს მიიღებდა, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას გულისხმობდა და მიაჩნდა თუ არა ეს სწორ საქციელად. კალაძემ განაცხადა, რომ თუ მედია მერიის ღონისძიებებს ისევ არ გააშუქებს, მათთან თანამშრომლობას შეწყვეტს. მერი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს და ამბობს, რომ ეს მალე გახდება ცნობილი.

"მაშინ შევთანხმდეთ ერთ რამეზე, თუ თემა არ გაინტერესებთ, მაშინ ნუ მობრძანდებით. მე ბევრჯერ დამისვამს ეგ შეკითხვა, რატომ მოდიხართ იმისთვის, თუ არ აშუქებთ კონკრეტულ საქმეს. მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას და და უკვე ჩვენი თანამშრომლობა არ იქნება, მე სხვა ბერკეტი არაფერი არ გამაჩნია. უბრალოდ, არ გვექნება თანამშრომლობა და ეგ არის მანდ. ვერ ვითანამშრომლებთ და მორჩა", — ამბობს ის.

კალაძე ამტკიცებს, რომ ამ თემაზე საუბარი მისთვის არასასიამოვნოა. კითხვაზე, მაშინ რატომ საუბრობს ასე, მერმა ჟურნალისტებს ასე უპასუხა: "იმიტომ, რომ არასწორად იქცევით".

კალაძის აზრით, როდესაც მედია კონკრეტულ ღონისძიებაზეა მიწვეული, მათ უნდა გააშუქონ და ეს "ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკაა".

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა უთხრეს, რომ ასე არ არის, კალაძემ თქვა, რომ მასაც არ აქვს ვალდებულება მედიის კითხვებს უპასუხოს და საზოგადოება განცხადებებს მათ გარეშეც მოისმენს. მერს არ გაუთვალისწინებია ის, რომ საჯარო პირია.

"ჩემს განცხადებას საზოგადოება მოისმენს, ამის პრობლემას მე არ შევქმნი, თქვენ არ ინერვიულოთ", — თქვა მან.

დღეს, 9 დეკემბერს კალაძე მედიას დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ მერიის პროექტებს არ გააშუქებენ, "ურთიერთობას გადახედავს" და "კონკრეტულ ზომებს" მიიღებს. კალაძის თქმით, სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად ყველა მედიას იწვევენ, კონკრეტული მედიასაშუალებები კი არცერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ.