კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად და წნეხის შესამსუბუქებლად Google თანამშრომლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბონუსის სახით დამატებით 1 600 დოლარს ან მის ექვივალენტს ჩაურიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბონუსის მიმღებთა ჩამონათვალში Google-ის ინტერნებიც მოხვდებიან. ამ თანხების დარიგება წლის ბოლომდე მოხდება.

Google-ის ამ გადაწყვეტილებას მიზეზად ომიკრონ შტამის გამოჩენა უძღვოდა წინ. ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასარიდებლად ოფისებში დაბრუნების გეგმა კიდევ გადადო. ამ ცვლილებებამდე Google-ს დაგეგმილი ჰქონდა, რომ თანამშრომლები ოფისებში 2022 წლის 10 იანვარს დაბრუნებულიყვნენ.

სავარაუდოდ, ეს იქნება დახმარების ბოლო პაკეტი, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტი თანამშრომლების ოფისებში დაბრუნებამდე გასცემს.

კორონავირუსმა ტექნოლოგიურ გიგანტებს თანამშრომლების მხარდაჭერისკენ უბიძგა. უამრავ მათგანს ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები შეექმნა. Google-ისა და სხვა გიგანტებისთვის თანამშრომელთა კეთილდღეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს კომპანიების პროდუქტის ხარისხზე პირდაპირ აისახება. მსგავსი ნაბიჯები გადადგა Microsoft-მაც და ამაზონმაც. Microsoft-მა თანამშრომლებს წლის დასაწყისში 1 500 დოლარიანი ბონუსები ჩაურიცხა, ხოლო ამაზონმა ყველა ამერიკელ თანამშრომელს მენტალურ ჯანმრთელობაზე საზრუნავად დამატებითი ბენეფიტები შესთავაზა.