ფსიქიკური აშლილობების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით ზუსტად არაა დადგენილი, თუმცა მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, შესაძლოა, ცხოვრების ადრეულ პერიოდში გამოვლენილ ფსიქიკურ პრობლემათა დიდი ნაწილი მეტწილად მხოლოდ სამი ფაქტორის კომბინაციის შედეგი იყოს. ამგვარი პრობლემებია, მაგალითად: დეპრესია, შფოთვა, ადიქციები, დისლექსია, ბულიმია და ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი. ახალი კვლევა ჟურნალ Neuropsychopharmacology-ში გამოქვეყნდა.

ეს ფაქტორებია:

  1. ბიოლოგიური ფაქტორი — იგი ტვინში დოპამინის დაჯილდოების გზის ინდივიდუალურ განსხვავებებს გულისხმობს.
  2. სოციალური ფაქტორი — ადრეულ ბავშვობაში მიტოვების ან ძალადობის მნიშვნელოვან როლზე მიუთითებს.
  3. ფსიქოლოგიური ფაქტორი — უკავშირდება ტემპერამენტს, განსაკუთრებით კი იმპულსურობისა და ემოციების კონტროლის სირთულეებისკენ მიდრეკილებას.

შესაძლოა, მიგნებებმა არაერთი ფსიქიკური აშლილობის საფუძვლებამდე მიგვიყვანოს და მიგვახვედროს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ადრეული ჩარევისას.

"აქამდე ფიქრობდნენ, რომ ფსიქიატრიული აშლილობები ცალკეული აშლილობებისაგან შემდგარ რთულ ერთობლიობებს ასახავდა, სადაც თითოეულს თავისი სპეციფიკური მიზეზი აქვს. ახალი კვლევა იდეას თავდაყირა აყენებს და გვთავაზობს, რომ ცხოვრების ადრეულ პერიოდში გამოვლენილ აშლილობათა დიდი ნაწილი უმეტესწილად რამდენიმე ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორის განსხვავებულ გამოხატულებებს ასახავს", — განაცხადა მარკო ლეიტონმა, კვლევის ავტორმა და მაკგილის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა.

ტემპერამენტი, ტრავმა და დოპამინი

წინა კვლევის მიხედვით, ამ სამიდან თითოეულ ფაქტორს ცალ-ცალკე მინიმუმ საშუალო დონის გავლენა ჰქონდა ფსიქიატრიული აშლილობების განვითარებაზე. ამის საპირისპიროდ, ახალი კვლევის ავტორებს საშუალება მიეცათ, სამივე ფაქტორი ერთად გამოეკვლიათ.

52 ახალგაზრდას, რომელიც მონრეალის ან კვებეკის არეებში ცხოვრობდა, მეცნიერები ჟან სეგინი და მიშელ ბოივინი დაბადებიდან აკვირდებოდნენ. მათ ტვინები დაუსკანერეს (PET და MRI), რითაც დოპამინის დაჯილდოების გზის თავისებურებები განსაზღვრეს, შემდგომში კი ტვინის ამგვარი მახასიათებლები მათი ტემპერამენტისათვის დამახასიათებელ თვისებებსა და ადრეული ცხოვრების სირთულეებთან შეაჯერეს.

მაღალი სიზუსტე და პროგნოზი

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ამ სამი ფაქტორის კომბინაციამ 90 პროცენტზე მეტი სიზუსტით იწინასწარმეტყველა, რომელ მონაწილეებს ჰქონდათ ფსიქიკური პრობლემები წარსულში ან კვლევის შემდგომ 3-წლიან პერიოდში.

გამომდინარე იქიდან, რომ შედეგები მეტად უჩვეულოა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი, დამატებით ორი მილიონი დოლარი გამოიყო, რათა საკვლევი ჯგუფის სიდიდე გაორმაგდეს და მეცნიერები მონაწილეებს 20-30 წლის ასაკშიც დააკვირდნენ.

"შედეგები შედარებით დიდი და ეთნიკურად მრავალფეროვანი ჯგუფების შემთხვევაშიც უნდა განმეორდეს. ამ შემთხვევაში, კვლევა ფსიქიკური აშლილობების კუთხით ჩვენს თვალთახედვას შეცვლის", — განაცხადა კვლევის ავტორმა მაიშა იკბალმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.