Very Peri — ასე ჰქვია ახალ ფერს, რომელიც Pantone-მ 2022 წლის მთავარ ფერად დაასახელა. წლის ფერების დასახელების 22-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ უკვე არსებული ფერის არჩევის ნაცვლად ახალი ფერი შექმნა.

ფოტო: Pantone

ახალი ფერის შექმნა, კომპანიის განცხადებით, პანდემიას და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს უკავშირდება. პანტონის ფერების ინსტიტუტის პრეზიდენტის თქმით, ფერი მომავლის, მხიარულების, უზრუნველობისა და კრეატიული სულის სიმბოლოა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი ფერი შეგვექმნა, რადგან სამყაროს შესახებ ახალი წარმოდგენა გვაქვს. ეს ლურჯის ტონალობებიდან ყველაზე ბედნიერი და თბილი ფერია", — განაცხადა პანტონის ფერების ინსტიტუტის პრეზიდენტმა.

Very Peri იმ ცვლილებებს გამოხატავს, რომელიც ახლა სამყაროში ხდება. ფერის შექმნის შთაგონების წყარო პანდემიასთან და გარემოსთან დაკავშირებული გამოწვევები და სოციალური პრობლემები გახდა.

ახალი ფერის შესაქმნელად ინსტიტუტმა ცისფერი და წითელი ფერები გამოიყენა. ცისფერი მუდმივობასა და ერთგულებასთან ასოცირდება, წითელი კი — ენერგიასა და აღტაცებასთან.

"ჩვენ უამრავი დაბრკოლება გადავლახეთ და წარმოდგენა არ გვაქვს, მომდევნო დღეს რას უნდა ველოდოთ. ამ რთული პერიოდის დაძლევაში ხალხს ცნობისმოყვარეობა ეხმარება, რასაც ჩვენ გამბედავ კრეატიულობას ვუწოდებთ", — განაცხადა პანტონის ფერების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტმა.

უკვე 20 წელზე მეტია, რაც Pantone წლის ფერს ასახელებს. 1963 წელს ორგანიზაციამ ფერების საკუთარი სისტემა შექმნა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოიყენება, მაგალითად, ბეჭდვაში, გრაფიკულ დიზაინში და მოდაში.