გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს და აღნიშნავს, რომ შოლცს არ დაუკონკრეტებია შეეხება თუ არა მათი პასუხი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს.

"ეს წესების ძალიან დრამატული დარღვევა იქნება, რასაც ძალიან განსხვავებული შედეგები მოჰყვება", — განაცხადა მან.

დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ ისაუბრა, რომ მზად არიან რუსეთთან დათმობაზე, თუ ეს იქნება ლეგიტიმური მოთხოვნები და არა ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომლებზეც უკრაინის განვითარება დგას.

აშშ-მ და მოკავშირე ოფიციალურმა პირებმა განგაში ჯერ კიდევ გასულ თვეს ატეხეს. ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმაც მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.