თბილისის მერი კახა კალაძე მედიას ემუქრება, რომ თუ მერიის პროექტებს არ გააშუქებენ, "ურთიერთობას გადახედავს" და "კონკრეტულ ზომებს" მიიღებს. კალაძის თქმით, სხვადასხვა ღონისძიების გასაშუქებლად ყველა მედიას იწვევენ, კონკრეტული მედიასაშუალებები კი არცერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

"გიწვევთ იმისთვის, გეძახით იმისთვის, რომ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. მიზანმიმართულად ხდება ამ ინფორმაციის არგავრცელება საინფორმაციოში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაცა წესი, ჩარჩოები ხო არსებობს, არა? მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში — სვამთ კითხვებს სხვადასხვა თემაზე და ვცდილობ ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ", — აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, როდესაც, მაგალითად, ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით იკრიბებიან, ჟურნალისტები უსვამენ კითხვებს, რომელიც შეიძლება არსებულ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ ის პასუხის გაცემას მაინც ცდილობს, მაგრამ დედაქალაქის მერს მიაჩნია, რომ როდესაც იქ არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, ეს ძალიან ცუდია.

"ასე, რომ თუ ეს გაგრძელდება, ჩვენ მოგვიწევს გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს", — განაცხადა კალაძემ.