უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრი კულებას განცხადებით, მზად არიან რუსეთთან დათმობაზე, თუ ეს იქნება ლეგიტიმური მოთხოვნები და არა ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები, რომლებზეც უკრაინის განვითარება დგას. ამის შესახებ მან SkyNews-ის ეთერში ისაუბრა.

"ჩვენ კონსტრუქციულები ვართ და მზად ვართ, რომ თუ რუსეთი შესაბამის პასუხს გასცემს ამას, დათმობაზე წავიდეთ. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინის სახელმწიფოს განვითარების ფუნდამენტური საკითხების დათმობას, როგორიცაა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მოთხოვნები გონივრული და ლეგიტიმური უნდა იყოს. რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ თავისი საგარეო პოლიტიკა მიატოვოს, არალეგიტიმურია, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გადაწყვეტს, დასავლელ პარტნიორებთან ერთად, პუტინს მძიმე ფასი უნდა გადაახდევინონ. კულება აღნიშნავს, რომ რუსეთს ახლა სუსტი უკრაინა და სუსტი ევროპა სურს, თუმცა პუტინს ნათლად უნდა აჩვენონ, რომ უკრაინა და პარტნიორები ერთიანები არიან და მათი სურვილი ყველასთვის მომგებიანი სიტუაციის არსებობაა.

"პარტნიორებთან ერთად, ფასი პუტინისთვის აუტანელი უნდა გავხადოთ. მათ შეუძლიათ ეკონომიკურად დაარტყან, ჩვენ ადგილზე ვიბრძოლებთ. ვწუხვარ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და იმედია, პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს", — აღნიშნა კულებამ.

აშშ-მ და მოკავშირე ოფიციალურმა პირებმა განგაში ჯერ კიდევ გასულ თვეს ატეხეს. ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმაც მოკავშირეები გააფრთხილეს, რომ ცოტა დრო დარჩა, რათა რუსეთს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. აშშ-მ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა შეერთებულ შტატებთან იმუშაონ, რათა მოსკოვის შეკავების მიზნით ეკონომიკური და სამხედრო ზომების პაკეტი შეიმუშაონ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს. გაურკვეველი იყო, რამდენი მათგანი იყო ადგილზე ახლად განლაგებული.