მიუხედავად იმისა, რომ Gaming ინდუსტრია და ვიდეოთამაშების შექმნა საქართველოში ძალიან წარმატებული ბიზნესი არ არის, არიან ენთუზიასტები, რომლებსაც საკუთარი საქმე ძალიან უყვართ და მისთვის არც რესურსი და არც ძალისხმევა არ ენანებათ. ასეთია Onyx Wings Studio, რომელმაც Shark Tank-ში გამარჯვება და 250 000 ლარის მოპოვება შეძლო. ირაკლი ჭოლიკავა მისი ერთ-ერთ დამფუძნებელია, რომელიც სტუდიის ისტორიას გვიყვება.

"Shark Tank-ამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დავიწყეთ საქმიანობა, როცა გუნდის წევრებმა ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით. საინტერესო და ერთი საქმიანობის მოყვარული ადამიანები შევიკრიბეთ, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი ლექტორი იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, პირველი თამაში Puzzle-Platformer-ის ტიპის ყოფილიყო, სადაც მოთამაშეს ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდა. ზოგიერთის დაძლევისთვის სწრაფი რეაქციაა საჭირო, ზოგიერთისთვის სხარტი აზროვნება და ა.შ", — გვიყვება ირაკლი.

მისი თქმით, გუნდი Shark Tank-ამდე ფაქტობრივად ენთუზიაზმის ხარჯზე მოვიდა და ბიზნეს რეალითი შოუ სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც Onyx Wings Studio-ს ინვესტორი სჭირდებოდა.

"ჩვენი გუნდის ყველა წევრი დასაქმებულია ან სწავლობს. ყოველდღე საკმაოდ დიდი დროის დათმობა გვიწევდა ვიდეოთამაშისთვის, რათა სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია. ამ პერიოდში მოვახერხეთ და თითქმის დავასრულეთ Demo ვერსიაზე მუშაობა, მხოლოდ რამდენიმე დეტალიღაა დარჩენილი. უკვე ის პერიოდი დგებოდა, როცა სტუდიისთვის ჩვენი დრო სრულად უნდა დაგვეთმო, ამას კი მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე ვერ შევძლებდით. ამიტომ გადავწყვიტეთ Shark Tank-ში მონაწილეობა", — ამბობს ირაკლი

თამაშს Mistcaller ქვია და მისი მთავარი ღირსება შინაარსი, მუსიკალური გაფორმება და გრაფიკული გამოსახულებაა. მისი ისტორია ორ დაპირისპირებულ ოჯახზეა, რომლის ერთ-ერთ წევრიც ჩვენი თამაშის გმირია. ბევრ დეტალს ირაკლი არ გვიმხელს, თუმცა გვპირდება, რომ მოთამაშეებს ის აუცილებლად დააინტერესებს.

"გუნდში ყველაზე მცირე ასაკის წევრი მე ვარ, ამიტომ პრეზენტატორად ჩემი კანდიდატურა შეარჩიეს. ვფიქრობდი, რომ ჩვენი იდეის ძალიან მჯეროდა და ინვესტორების დარწმუნებასაც შევძლებდი. შოუს უცხოური ვერსიები ნანახი მქონდა, ასე რომ, ვიცოდი წინ რაც მელოდა. ჩვენი თავდაპირველი შეთავაზება 250 000 ლარის სანაცვლოდ 10%-იანი წილის გასხვისება იყო. გვსურდა თამაში დაგვესრულებინა და რაც შეიძლება მალე დაგვეწყო მისი რეალიზაცია, თუმცა Shark-ებისგან სულ სხვა, უფრო საინტერესო ოფერი მივიღე. პირველი შეთავაზება მენი ბენეშისგან იყო, რომელმაც არამხოლოდ თამაშის, არამედ მთელი ჩვენი სტუდიის მიმართ გამოხატა ინტერესი. მას ჩვენი მუსიკა, გრაფიკული გამოსახულება და ზოგადად, ჩვენი ნამუშევრები მოეწონა. ინვესტორმა B2B ბიზნესის განვითარება გვირჩია და გვითხრა, რომ გარიგების დადებისთანავე მოგვიყვანდა 2 კომპანიას, რომლებიც ჩვენთან ითანამშრომლებდნენ და საწყის ეტაპზე 2 კონტრაქტს მივიღებდით წლის ბოლომდე, დაკვეთის ხარისხიანად შესრულების შემთხვევაში კი ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდებოდა", — გვიყვება ირაკლი.

როგორც თავად ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკუთარ გუნდთან კონსულტაციის გავლა სურდა. აღმოჩნდა, რომ არსებული შეთანხმება მათთვის სრულებით მისაღები იყო, თუმცა Shark-ებთან დაბრუნებისას გაირკვა, რომ Onyx Wings Studio-ს არა ერთი, არამედ სამი ინვესტორი ეყოლებოდა. როგორც ჩანს, Shark-ებმა გუნდის კონსულტაციის პერიოდში დრო იხელთეს და მოილაპარაკეს, შედეგად კომპანიას სამი ახალი პარტნიორი შეუერთდა. საბოლოო ჯამში გუნდმა 250 000 ლარის სანაცვლოდ 49%-იანი წილი დათმო და შედეგად უამრავი კონტაქტი, B2B სეგმენტში გადასვლა, საბრუნავი კაპიტალი და თამაშის დასრულების ყველანაირი რესურსი მიიღო, მისი მეწილეები კი მენი ბენეში, სოსო ფხაკაძე და დაჩი ჭოლაძე გახდნენ.

Gaming ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და ტრენდული მიმართულებაა. ამას მოწმობს უდიდესი კორპორაციის, Microsoft-ის ყურადღება ინდუსტრიის მიმართ, რომელიც ათეულობით მილიარდ დოლარს ხარჯავს Xbox-ის განვითარებისთვის. ვიდეოთამაშები განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, რამაც შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა. Techjury-ს კვლევის მიხედვით, ვიდეო თამაშებს მსოფლიოში 2,5 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, გლობალური Gaming ბაზარი კი 2025 წლისთვის, სავარაუდოდ, 256 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. შესაძლებლობებთან ერთად, ცხადია, დიდია კონკურენციაც. Onyx Wings Studio-ს საკუთარი მიზნის მისაღწევად სერიოზულ კონკურენტებთან მოუწევს ბრძოლა, თუმცა მათ საკუთარი იდეის სჯერათ და ამბობენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად არიან მზად.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველ არხზე "შარქ თენქ საქართველოს" გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. SONY Pictures-ის რეალითი შოუ Shark Tank ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელმაც 5 კონტინენტი მოიცვა. ის უკვე 13 სეზონია მაყურებლების ერთ-ერთ ფავორიტ გადაცემად რჩება. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გადის.